თბილისი, 11 ივლისი – Sputnik. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მოუწოდებს საზოგადოებას თავი შეიკავონ „ტვ პირველის“ გარდაცვლილი ოპერატორის, ალექსანდრე ლაშქარავას შესახებ მონაცემების გაზიარებისგან და გავრცელებისგან.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ამგვარი ინფორმაციის გავრცელება ხელყოფს გარდაცვლილის პირად ცხოვრებას და წარმოადგენს კანონის დარღვევას.
სოციალურ ქსელში ვრცელდება ალექსანდრე (ლექსო) ლაშქარავას შესახებ პერსონალური, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები - ინფორმაცია მისი დაკავების, მისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების, მის მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოცემის, მისი სისხლის სამართლის საქმეში ამა თუ იმ სტატუსით მონაწილეობის შესახებ. აღნიშნული მონაცემები ვრცელდება ისეთი პირების მხრიდან, რომლებსაც მათზე ხელი არ უნდა მიუწვდებოდეთ.
„ზემოაღნიშნული ინფორმაცია ვრცელდება ისეთი პირების მხრიდან, რომლებსაც დიდი ალბათობით ხელი არ უნდა მიუწვდებოდეთ არც სისხლის სამართლის საქმის, არც ადმინისტრაციული საქმისწარმოების მასალებზე და არც სამართალდამცავი ორგანოების მფლობელობაში არსებულ იმ საინფორმაციო ბაზებზე, რომლებშიც აღნიშნული მონაცემები შესაძლოა ინახებოდეს, მათი რეალობის/სიზუსტის შემთხვევაში“ -ნათქვამია განცხადებაში.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაიწყო იმის შემოწმება, თუ რა გზით გახდა ცნობილი ეს მონაცემები სხვადასხვა პირებისთვის.
„ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა გარდაცვლილი საკუთარ სახლში დღეს დილით ნახეს. ექვსი დღის წინ ის სასტიკად სცემეს ლგბტ-თემის მოწინააღმდეგეებმა. მას სახის ძვლების მოტეხილობები აღენიშნებოდა. იმ დღესვე მას ოპერაცია ჩაუტარდა. ბოლო დღეები მან სახლში გაატარა, შაბათს კი ის „ტვ პირველის“ დღის ეთერის ერთ-ერთი სტუმარი იყო და 5 ივლისის მოვლენებს იხსენებდა.
სისხლის სამართლის საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით არის აღძრული - ცხედარზე ძალადობრივი სიკვდილის აშკარა ნიშნების არარსებობის შემთხვევაში ეს სტანდარტული პროცედურაა. არ არის გამორიცხული, რომ მოგვიანებით საქმის კვალიფიკაცია შეიცვალოს.