თბილისი, 11 ივლისი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ტვ პირველის“ გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ოჯახი მოინახულა.
პრეზიდენტმა გარდაცვლილის ოჯახს და ახლობლებს სამძიმარი გამოუცხადა.
მანამდე ოპერატორის გარდაცვალებას პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი გამოეხმაურა და მომხდარს „ტრაგედია“ უწოდა.
პრეზიდენტის თქმით, ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს.
„საავადმყოფოში ვინახულე თავის დროზე და მართლა არ მეგონა, რომ დღეს აქ მოვიდოდი ამ ტრაგედიისა და მწუხარების გასაზიარებლად. დარწმუნებული ვარ, ეს ასე არ უნდა დამთავრდეს, ვინც იყო ამაზე პასუხისმგებელი, უნდა დაისაჯოს... ეს არის აუცილებელი. თქვენ, ჟურნალისტებს და არა მხოლოდ თქვენ, მთელი საზოგადოების წუხილია, მთელ საზოგადოებას ვუზიარებ დღევანდელ ტრაგედიას", - განაცხადა ზურაბიშვილმა.
ლექსო ლაშქარავა გარდაცვლილი საკუთარ სახლში დღეს დილით ნახეს. ექვსი დღის წინ ის სასტიკად სცემეს ლგბტ-თემის მოწინააღმდეგეებმა. მას სახის ძვლების მოტეხილობები აღენიშნებოდა. იმ დღესვე მას ოპერაცია ჩაუტარდა. ბოლო დღეები მან სახლში გაატარა, შაბათს კი ის „ტვ პირველის“ დღის ეთერის ერთ-ერთი სტუმარი იყო და 5 ივლისის მოვლენებს იხსენებდა.
როგორც „ტვ პირველის“ ჟურნალისტი მირანდა ბაღათურია იხსენებს, რომელიც ლექსო ლაშქარავასთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ოფისში თავდასხმის ობიექტი გახდა, ლექსოს დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში 20 ადამიანი სცემდა და ის სისხლის გუბეში დატოვეს.
ლექსო ლაშქარავას დედა, რომელმაც დილით შვილი გარდაცვლილი ნახა, ამტკიცებს, რომ 5 ივლისის აქციაზე ცემამდე მისი შვილი აბსოლუტურად ჯანმრთელი იყო და მის გარდაცვალებას სწორედ ამ მოვლენებს უკავშირებს, მაგრამ კონკრეტული მიზეზის დასახელება უჭირს.
სისხლის სამართლის საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით არის აღძრული - ცხედარზე ძალადობრივი სიკვდილის აშკარა ნიშნების არარსებობის შემთხვევაში ეს სტანდარტული პროცედურაა. არ არის გამორიცხული, რომ მოგვიანებით საქმის კვალიფიკაცია შეიცვალოს.