შსს-მ „ტვ პირველის“ ოპერატორის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება დაიწყო

ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზი ჯერ დადგენილი არ არის. დაინიშნება შესაბამისი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.
Sputnik
თბილისი, 11 ივლისი – Sputnik. ტელეკომპანია „ტვ პირველის" ოპერატორის, ალექსანდრე (ლექსო) ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში გამოძიება დაიწყო სსკ-ის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს, ნათქვამია შსს-ს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
ჟურნალისტებზე თავდამსხმელი კიდევ ოთხი პირი დააკავეს
აღნიშნული დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 2-დან 4 წლამდე.
ლექსო ლაშქარავა ოჯახის წევრებმა საკუთარ სახლში დღეს დილით გარდაცვლილი იპოვეს. 
მიმდინარე წლის 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ წინააღმდეგ გამართული აქციის გაშუქების დროს, ინგოროყვას ქუჩაზე მდებარე ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ოფისში, ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორს, ალექსანდრე ლაშქარავას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
ლგბტ თემის მოწინააღმდეგეები ჟურნალისტებსა და ოპერატორებს დაესხნენ თავს - ვიდეო
ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე გამოძიება მიმდინარეობს და დაკავებულია 4 პირი, აღნიშნავენ უწყებაში.
5 ივლისს მას ოპერაცია ჩაუტარდა, სამი დღის შემდეგ ლექსო ლაშქარავა კლინიკიდან გაწერეს. გუშინ ის „ტვ პირველის“ დღის ეთერის ერთ-ერთი სტუმარი იყო და 5 ივლისის მოვლენებს იხსენებდა.
ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზი ჯერ დადგენილი არ არის. დაინიშნება შესაბამისი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.
ჟურნალისტებზე მასობრივი თავდასხმა 5 ივლისს ლგბტ–თემის მოწინააღმდეგეთა აქციაზე მოხდა. აგრესიულად განწყობილი დემონსტრანტები სცემდნენ ჟურნალისტებს და მათ ლგბტ–საზოგადოების პროპაგანდაში ადანაშაულებდნენ. შსს-ს ოფიციალური მონაცემებით, ამ დღეს ძალადობა განხორციელდა მასმედიის 53 წარმომადგენლის მიმართ. პროკურატურის ინფორმაციით, ამ ეტაპზე საქმეზე დაზარალებულად ცნობილია 36 პირი, მათ შორის, 30 ჟურნალისტი და ოპერატორი. ამ მომენტისთვის 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულთაგან უკვე 21 პირს სასამართლოს სხდომის ჩატარებამდე პატიმრობა შეეფარდა.