თბილისი, 10 ივლისი – Sputnik. საქართველოს ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ პარტიული ოფისი ქუთაისში გაიხსნა, იუწყება „პირველი არხი“.
სამეგრელოში აქტიური საარჩევნო კამპანიის შემდეგ ყოფილმა პრემიერმა შეხვედრები ამომრჩევლებთან და მხარდამჭერებთან იმერეთის მხარეში დაიწყო.
გახარია მხარდამჭერებს მიესალმა და განაცხადა, რომ სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით გუნდს დახურულ კარს მიღმა გაესაუბრება. გახარიას განცხადებით, ქუთაისის წარმატება საქართველოს წარმატებაა.
„შეუძლებელია, ქვეყანაში გაგრძელდეს ეს ქაოსი. გვჭირდება წესრიგი. ჩვენ გვექნება პროგრამა თითოეულ ქალაქთან დაკავშირებით. ქუთაისი შეუძლებელია სპორტის, კულტურისა და ტურიზმის გარეშე, ახალგაზრდების გარეშე. სამწუხაროდ, ყველა სახის დაპირება ამ ქვეყანაში გაცემულია, და ახლა ჩვენ უნდა დავიწყოთ დაპირებების შესრულება. ამ ქვეყანაში კორუფცია, ნეპოტიზმი ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს“, – განაცხადა გახარიამ.
ჟურნალისტების კითხვას, ელოდება თუ არა წინასაარჩევნოდ დაპირისპირებას, გახარიამ უპასუხა, რომ ის ამას არანაირ ყურადღებას არ აქცევს და არც მიაქცევს.
„ვხსნით ოფისებს წყნარად, მშვიდად. ვქმნით ახალგაზრდების გუნდს, რომლებიც მშვენივრად მუშაობენ. ჩვენი ახალგაზრდა პოლიტიკოსების გუნდი პარლამენტში მაგალითს აჩვენებენ, როგორი უნდა იყოს ქართველი პოლიტიკოსი, რომლის ძირითადი საზრუნავი არის სახელმწიფო და არა მისი პირადული ან პარტიული ინტერესები“, - განაცხადა გახარიამ.
მთავრობის ყოფილმა მეთაურმა საკუთარი პარტია ივნისის დასაწყისში დააარსა. ბოლო გამოკითხვების თანახმად, პოპულარობის მხრივ ამჟამად მის პარტიას მესამე ადგილი უკავია მმართველი „ქართული ოცნებისა" და ოპოზიციური „ნაციონალური მოძრაობის" შემდეგ.
გასულ კვირაში ექს-პრემიერის პარტიამ წინასაარჩევნო კამპანია გორში ოფისის გახსნით დაიწყო და მომენტალურად მოექცა სკანდალის ცენტრში – შენობაში შუქი გამორთეს, შენობის მეპატრონემ კი იჯარის ხელშეკრულება გააუქმა. როგორც მაშინ გახარიამ განაცხადა, აღნიშნული ფაქტის უკან „შეშინებული ხელისუფლება“ დგას. ამავე დროს მან განმარტა, რომ მისი გუნდი უკან დახევას არ აპირებს.
მანამდე, ივნისის ბოლოს იმ ოფისის შენობის მფლობელმა, რომელიც პარტიამ ბათუმში იჯარით აიღო, ასევე უარი განაცხადა შენობის მიქირავებაზე. ფართის მფლობელმა უარის მიზეზად დაასახელა ინფორმაცია ვაშინგტონში გახარიას და „ნაციონალური მოძრაობის“ დამფუძნებლის მიხეილ სააკაშვილის შეხვედრის შესახებ. თავად პარტიაში ასეთი შეხვედრის ფაქტი უარყვეს და ამაში ხელისუფლების მხრიდან შანტაჟის ნიშნები დაინახეს.
თავის მხრივ, მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაში" მათი მიმართულებით ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფენ.
ადგილობრივი არჩევნები საქართველოში ოქტომბერში ჩატარდება. „ქართული ოცნებისთვის" ეს ძალზე მნიშვნელოვანი არჩევნებია. თუ ის ამომრჩეველთა პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს, მაშინ ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა დაინიშნოს.