რამხელა ჯილდოს მიიღებს ტოკიოს ოლიმპიური ჩემპიონი - საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება

საქართველოს ოლიმპიური და პარალიმპიური დელეგაციების ფიცის დადებისა და ტოკიოს ოლიმპიურ და პარალიმპიურ თამაშებზე გაცილების ცერემონია გაიმართა.
Sputnik
თბილისი, 10 ივლისი  – Sputnik. მთავრობის გადაწყვეტილებით, ოლიმპიური ჩემპიონი ერთ მილიონ ლარს მიიღებს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ოლიმპიური და პარალიმპიური დელეგაციების ფიცის დადებისა და ტოკიოს ოლიმპიურ და პარალიმპიურ თამაშებზე გაცილების ცერემონიაზე.
ოლიმპიური ქალაქი ტოკიოში თამაშების დაწყებამდე ერთი თვით ადრე – ვიდეო
2020 წლის ზაფხულის 32–ე ოლიმპიურ ოლიმპიურ თამაშებზე ტოკიოში 35 ქართველი სპორტსმენი გაემგზავრება.
საზეიმო ცერემონია თბილისის „ოლიმპიურ პარკში“ დღეს გაიმართა. ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა,  ლეგენდარულმა მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, იაპონიის ელჩი საქართველოში იმამურა აკირა და სხვა ოფიციალური პირები.
„მთელი ერი შემოგცქერით თქვენ. მჯერა, თქვენ გამოხვალთ ჩვენი დროშის ქვეშ, ბევრჯერ მოვისმენთ საქართველოს ჰიმნს, ამაში ვარ დარწმუნებული. მინდა, გისურვოთ ყველას გამარჯვება, წარმატებები და ბოლოს მინდა, გაცნობოთ გადაწყვეტილების შესახებ, მთავრობის გადაწყვეტილებით, ოლიმპიური ჩემპიონი მიიღებს ერთ მილიონ ლარს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ოლიმპიელებს სიტყვით მიმართა სალომე ზურაბიშვილმაც, რომელსაც სპორტსმენების მსგავსად ოლიმპიური ფორმა ეცვა, რაც, მისი თქმით, ძალიან დიდი პატივია მისთვის.
„გავიარეთ ძალიან რთული წელი-წელიწადნახევარი, რომელიც თქვენთვის ალბათ კიდევ უფრო რთული იყო, ეს პანდემიის წელი, რადგან სპორტსმენისთვის თუ არ შეიძლება შეჯიბრებებში მონაწილეობა, ასპარეზობა, ეს არის ძალიან მძიმე და ძალიან აფერხებს იმ განვითარებას, რომელიც აუცილებელია სპორტში და შემდგომი გამარჯვებისთვის. თქვენ ეს ყველაფერი განიცადეთ, თქვენ ამ ყველაფერს გაუძელით და დადგა ოლიმპიადის დღეები. ამისთვის ძალიან დიდი მადლობა ბატონო ელჩო თქვენ ქვეყანას, რომელმაც მიიღო ეს გამოწვევა. ძნელია ვიცით, რადგან არ დაესწრებიან მაყურებლები და მხარდამჭერები. ძალიან რთულია, როცა გამოდიხარ ცარიელ სტადიონზე, მაგრამ ძალიან დიდი მადლობა მაინც იაპონიას, რომ ეს შეძლო. ვიცით, რამდენად რთული ამოცანა იყო ეს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ტოკიოს ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრები სპორტის ათ სახეობაში 35 სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი. ეს სახეობებია: ჭიდაობა, ძიუდო, ძალოსნობა, მძლეოსნობა, ფარიკაობა, ცურვა, ჩოგბურთი, კრივი, კარატე და პისტოლეტიდან სროლა.
საქართველომ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე კიდევ სამი ლიცენზია მოიპოვა
ოლიმპიური ქალაქი 13 ივლისს ოფიციალურად გაიხსნება. მოსალოდნელია, რომ თამაშების მონაწილეები აქ სპორტული ღონისძიებების დაწყებამდე ხუთი დღით ადრე ჩამოვლენ და წავლენ დასრულებიდან 2 დღის განმავლობაში, ხოლო შემდეგ პარალიმპიელი სპორტსმენები იქ ორი დღით ადრე დასახლდებიან.
სპორტსმენები ოლიმპიადის პერიოდში ყოველდღიურად ჩაიტარებენ ტესტირებას და გადაადგილდებიან მხოლოდ სპეციალური ტრანსპორტით. გარდა ამისა, ოლიმპიელებს მოუწევთ მუდამ ეკეთოთ პირბადე, მოხსნის უფლება ექნებათ მხოლოდ სადილის დროს, ვარჯიშზე, შეჯიბრებისა და ძილის დროს.
2020 წლის ოლიმპიური თამაშები 23 ივლისს დაიწყება, მიუხედავად იმისა, რომ იაპონიის მოსახლეობა კორონავირუსის პანდემიის პერიოდში თამაშების გამართვის წინააღმდეგი იყო. ოლიმპიადა 8 აგვისტოს დაიხურება.