თბილისი, 10 ივლისი – Sputnik. სამების საკათედრო ტაძარში დიდმოწამე ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილების საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის გადაცემის ცერემონია გაიმართა.
ცერემონიას ესწრებოდნენ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მთავრობის სხვა წევრები, ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარი, სხვა ოფიციალური და სასულიერო პირები და რიგითი მოქალაქეები.
ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარი საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით გუშინ ეწვია, და მან, ინდოეთის პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, თბილისში წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები ჩამოაბრძანა.
„დღეს დიდი დღეა არამარტო საქართველოსთვის, არამედ ინდოეთისთვისაც. ჩემთვის დიდი პატივი და პრივილეგიაა, საქართველოში პირადად ჩამომებრძანება ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები. საქართველოში ჩამოვედი იმ განწყობით, რომ განსაკუთრებული მისია ვიკისრო. როგორც ყველამ კარგად იცით, ჩვენ შევინახეთ და სათუთად გავუფრთხილდით საქართველოს. ჩვენმა პრემიერ-მინისტრმა გადაწყვიტა, რომ წმინდა ნაწილების ერთი ნაწილი გადმოსცემოდა საქართველოს. ჩემთვის დიდი პატივია და პრივილეგიაა, პირადად ჩამებრძანებინა ეს წმინდა ნაწილი. მოხარული ვარ, რომ ჩემი პირველი ვიზიტი საქართველოში ასეთი კყრთხეული აღმოჩნდა“, - განცხადა ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ამ უპრეცედენტო გადაწყვეტილებისთვის.
„დღეს ისტორიული დღეა ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ხალხისთვის, თითოეული მორწმუნისთვის. თითქმის 400-წლიანი განშორების შემდეგ ჩვენს სამშობლოს დაუბრუნდა ჩვენი დიდი დედოფლის, წმინდა ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილები“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ღარიბაშვილის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების საუკეთესო წინაპირობაა.
„გოაში, წმინდა ავგუსტინის სამონასტრო კომპლექსის ნანგრევებში გათხრების დროს აღმოჩენილი წმინდა ნაწილების ფრაგმენტები, ინდოეთის რესპუბლიკის მთავრობის მეთაურის გადაწყვეტილებით, როგორც მოგეხსენებათ, მუდმივ მფლობელობაში გადმოეცა საქართველოს. ეს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავების საუკეთესო წინაპირობაა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ინდოეთის მთავრობამ წამებული დედოფლის წმინდა ნაწილებს საქართველოს სამუდამოდ და უსასყიდლოდ გადმოსცა. უპრეცედენტო გადაწყვეტილება უშუალოდ ინდოეთის პრემიერმა მიიღო.
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა მეუფე შიომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, ასევე ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარს ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილების საქართველოში ჩამობრძანებისთვის მადლობა გადაუხადა.
ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილები საქართველოში ერთხელ უკვე ჩამოაბრძანეს (2017–2018 წლებში) მართლმადიდებლების მოსალოცად, მაგრამ შემდეგ გოაზე დააბრუნდეს.
კახეთის დედოფალი 1614 წელს შაჰ-აბასმა მძევლად აიყვანა. დედოფალმა მძევლობაში ცხრა წელი გაატარა, მას აიძულებდნენ შეეცვალა სარწმუნოება, თუმცა ვერ გატეხეს. ის წამებით აღესრულა.
პორტუგალიელმა მისიონერებმა, რომლებიც დედოფლის წამების მოწმენი გახდნენ, მისი ნეშტი მალულად ამოთხარეს და ისპაჰანის მონასტერში გადაიტანეს. მოგვიანებით მისიონერებმა ნეშტი საქართველოში ჩამოიტანეს. 1723 წლამდე ის ალავერდის მონასტერში ინახებოდა, ხოლო მოგვიანებით დაიკარგა.
საქართველოსა და რუსეთის გარდა, ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები ჩაიტანეს გოაში, წმინდა ავგუსტინეს მონასტერში, ვატიკანსა და ბელგიაში. მე-20 საუკუნის დასაწყისში მონასტერი გოაში განადგურდა.
სამეცნიერო ექსპედიციები ინდოეთში წმინდა ნაწილებს სხვადასხვა დროს ეძებდნენ.
2013 წელს ჟურნალი Archeology წერდა, რომ გოას მონასტრის ნანგრევებში აღმოჩენილი ძვლები, სავარაუდოდ, ქეთევან დედოფალს ეკუთვნის. ამ ინფორმაციის თანახმად, ქვის სარკოფაგში აღმოჩენილი ხელის ძვლების დნმ-ის ანალიზმა აჩვენა, რომ დიდი ალბათობით ძვლები ინდოეთთან არ არის კავშირში, არამედ ქართული წარმოშობისაა.