ჟურნალისტებზე თავდამსხმელი კიდევ ოთხი პირი დააკავეს

ამ დროისათვის ჟურნალისტებზე თავდასხმის გამო დაკავებულიდან უკვე შვიდს შეეფარდა აღკვეთის ზომად პატიმრობა გამოძიების პერიოდში.
Sputnik
თბილისი, 10 ივლისი – Sputnik. ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე კიდევ 4 პირი დააკავეს და ერთ პირს ბრალი წარედგინა, იუწყება შსს-ს პრესსამსახური.
ჟურნალისტებზე მასობრივი თავდასხმა 5 ივლისს ლგბტ–თემის მოწინააღმდეგეთა აქციაზე მოხდა. აგრესიულად განწყობილი დემონსტრანტები სცემდნენ ჟურნალისტებს და მათ ლგბტ–საზოგადოების პროპაგანდაში ადანაშაულებდნენ. შსს-ს ოფიციალური მონაცემებით, ამ დღეს ძალადობის მსხვერპლი გახდა მასმედიის 53 წარმომადგენელი.
გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 5 ივლისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე „თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, ბრალდებულმა, 1991 წელს დაბადებულმა რ.კ.-მ ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტს პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალა და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
ბრალდებულმა - 1985 წელს დაბადებულმა გ.ნ.-მ „იმედის“ ოპერატორს, ამავე დღეს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა და ხელი შეუშალა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში.
ჟურნალისტებზე თავდამსხმელი კიდევ ოთხი პირი განაჩენს პატიმრობაში დაელოდება
ბრალდებულმა - 1985 წელს დაბადებულმა თ.ბ.-მ, აქციის მიმდინარეობისას, ტელეკომპანია „ფორმულას“ ფოტოკორესპონდენტს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ხელი შეუშალა პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში.
ბრალდებულმა - 1984 წელს დაბადებულმა გ.კ.-მ ვაკეში, მრგვალი ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
გარდა ამისა, საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორზე ძალადობის ფაქტზე ბრალი წარედგინა კიდევ ერთ პირს - ც.ჩ.-ს, რომელიც დააკავეს 8 ივლისს, ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ოფისში, ტელეკომპანია TV Pirveli-ს ჟურნალისტისა და ოპერატორისთვის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე, აღნიშნავენ უწყებაში.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2, 156-ის მე-2 ნაწილის „ა" და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.
როგორ ვითარდებოდა მოვლენები 5-6 ივლისს თბილისში - შსს-ს ვერსია
რაც შეეხება სხვა დაკავებულებს, პარასკევს, 9 ივლისს პატიმრობა შეეფარდა კიდევ ოთხ პირს, რომლებსაც ბრალად ჟურნალისტებზე თავდასხმა ედებათ. საქმის მასალების მიხედვით, ამ ოთხი პირიდან ბრალდებულები თორნიკე დავლაშერიძე და აკაკი ნაკაშიძე თავს დაესხნენ TV Pirveli-ს ჟურნალისტსა და ოპერატორს, ხოლო თემურ ხარაული და ილია ქებაძე – „მთავარი არხის“ ოპერატორსა და „ტაბულის“ ჟურნალისტს.
ხუთშაბათს კი ანალოგიურ დანაშაულზე პატიმრობა შეეფარდა სამ ბრალდებულს – ჭაავას, მჭედლიძეს და დევლარიშვილს. მათ ორი მუხლით ედებათ ბრალი – ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა და ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ ოთხიდან ექვს წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
თბილისში დაჭრილ პოლონელ ტურისტს ლიკანში დასვენება შესთავაზეს
შესაბამისად, ამ მომენტისთვის ჟურნალისტებზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულთაგან შვიდს სასამართლოს სხდომის ჩატარებამდე პატიმრობა შეეფარდა.
დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა დადგენა-დაკავების მიზნით გრძელდება საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები, აცხადებენ შსს-ში.