რაზე დახარჯავს საქართველო მილიარდობით ევროს დახმარებას ევროპიდან

ევროკავშირის დახმარების ნაწილს საქართველოში მცირე ბიზნესიც მიიღებს, რაც მას კონკრენტუნარიანობის გაზრდაში დაეხმარება, აღნიშნა მინისტრმა.
Sputnik
თბილისი, 9 ივლისი – Sputnik. ევროკავშირის 3,9 მლრდ ევროს ოდენობის დახმარება საქართველოსთვის მოხმარდება სტრატეგიული დარგების განვითარებას, მათ შორის ოპტიკურ-ბოჭკოვან კაბელს, რომელიც გაივლის შავ ზღვაზე, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.
საქართველო ევროკავშირისგან დამატებით დახმარებას მიიღებს
აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის ევროკავშირის დახმარების პროგრამის ფარგლებში საქართველოსთვის გამოყოფილი საერთო თანხიდან 1,715 მილიარდი გრანტია, დანარჩენი – კრედიტი.
„ეს არის ძალიან დიდი ინვესტიცია, რომელიც მოხმარდება ყველაზე მეტად სტრატეგიულ დარგებს... ეს ეხება ციფრულ სერვისებს და ოპტიკურ-ბოჭკოვან კაბელს, რომელიც გაივლის შავ ზღვაზე, ეს ეხება ელექტროგადამცემ ქსელებს და ელექტროგადამცემ მაღალი ძაბვის კაბელს, რომელიც ასევე შავ ზღვაზე გაივლის... ეს ეხება საბორნე-საფიდერო მიმოსვლის გააქტიურებას ჩვენს პორტებსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების პორტებს შორის“, – განაცხადა თურნავამ.
ამას გარდა, დახმარების ნაწილს მიიღებს მცირე ბიზნესიც, რაც მისი კონკურენტუნარიანობის გაზრდას დაეხმარება. ამ მიმართულებით აქცენტი გაკეთდება პროდუქციის ხარისხზე და მის შესაბამისობაზე ევროპულ სტანდარტებთან.
საქართველო საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან დახმარების ახალ პროგრამას ელოდება
ევროკავშირის მხრიდან აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის ჯამში 17 მლრდ ევროს დახმარების ახალი პაკეტის დამტკიცების შესახებ ცნობილი გახდა 2 ივლისს.
ევროკავშირის მიერ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის წარმოდგენილ პროგრამებს შორისაა: ნახევარი მილიონი მცირე და საშუალო საწარმოების დამატებითი მხარდაჭერა, პრიორიტეტული საავტომობილო და სარკინიგზო გზების (3 ათასი კმ) მშენებლობა და მოდერნიზაცია ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად, ბრძოლა ჰიბრიდულ და კიბერსაფრთხეებთან, კორუფციასთან, ენერგიის მოხმარების ეფექტურობის გაზრდა და ა.შ.