მიგრანტის ელექტრონული ბარათი რუსეთში: რა არის ცნობილი

რუსეთის შსს-ში მომზადებულია კანონპროექტი ერთიან ელექტრონულ დოკუმენტზე, რომლის მიღებასაც უცხოელები მომავალი წლიდან შეძლებენ.
Sputnik
ალექსეი სტეფანოვი
რუსეთის მიგრაციული კანონმდებლობა მუდმივად იხვეწება - მალე მიგრანტები რუსეთში ჩასვლისას მიიღებენ ერთიან ელექტრონულ დოკუმენტს, რომელიც 10 წლის ვადით გაიცემა.
„ნებისმიერი უცხოელი, რომელიც რუსეთში ჩამოდის და სურს 30 დღეზე მეტი ხნით დარჩენა, ვალდებული იქნება, მიიღოს ეს დოკუმენტი. ეს ეხება ყველას - ტურისტებსაც, თუ ისინი ერთი წლის განმავლობაში რუსეთში 90 დღეზე მეტხანს დარჩენას გეგმავენ. 30-ე დღეს საჭიროა დაქტილოსკოპიის ჩაბარება, სამედიცინო გამოკვლევა და ID-ბარათის მიღება“, - განუმარტა Sputnik-ს მიგრანტთა ფედერაციის პრეზიდენტმა ვადიმ კოჟენოვმა.
ამჟამად რუსეთში უცხოელების ყოფნის რამდენიმე ფორმატი არსებობს: პატენტი (მუშაობის ნებართვა), დროებით ცხოვრების ნებართვა, ბინადრობის ნებართვა, მაღალკვალიფიციური სპეციალისტი და სხვ. ეს სტატუსები უცხოელებს რუსეთში ცხოვრებისა და მუშაობის უფლებას აძლევს.
რუსეთში უცხოელებს შესაძლოა დროებითი ცხოვრების უფლება ჩამოერთვათ
რუსეთის შსს-ს კანონპროექტის თანახმად, დაინერგება ქვეყანაში ყოფნის სამი ახალი რეჟიმი, რომლებიც ძველს შეცვლის - მოკლევადიანი, გრძელვადიანი და მუდმივი. თუ უცხოელი რუსეთში თვეში 30 დღეზე მეტხანს და წელიწადში 90 დღეზე მეტხანს დარჩება, ის ვალდებული იქნება, მიიღოს მიგრანტის ელექტრონული ბარათი აღნიშვნით - მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა.
გრძელვადიანი ცხოვრების ნებართვის მიღების შემთხვევაში იგი თავისუფლად შეძლებს მუშაობას. მუდმივი ნებართვა კი, დღეს მოქმედი მუდმივი ბინადრობის ნებართვის მსგავსად, უცხოელს მუშაობისა და ცხოვრების უფლებას მისცემს.
ექსპერტის სიტყვებით, დღესდღეობით მიგრანტებთან დაკავშირებით დიდი არეულობაა - არიან ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი, დსთ-ის წევრი ქვეყნების მოქალაქეები, მათ ზოგიერთ კატეგორიას აქვს ვიზები, ზოგი მაღალკვალიფიციურ სპეციალისტად ითვლება და რუსეთში ცხოვრებისა და მუშაობის უფლება სწორედ ამ მიზეზით აქვს. „ეს ყველას მობეზრდა, ამიტომ საერთო წესი იმოქმედებს“, - ამბობს ექსპერტი.
გამოდით ჩრდილიდან: რუსეთი მიგრანტებს ლეგალიზაციას უმარტივებს
შსს-ში შემუშავებულ კანონპროექტს პროგრესული უწოდა რუსეთის სახელმწიფო დუმის დსთ-ის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ლეონიდ კალაშნიკოვმა. როგორც მან აღნიშნა, ეს იქნება რევოლუციური ნორმა და მისი მიღება მიზანშეწონილი იქნება მიმდინარე წლის სექტემბრის არჩევნების შემდეგ, მერვე მოწვევის სახელმწიფო დუმის პირველივე სესიაზე.
ვადიმ კოჟენოვმა იმედი გამოთქვა, რომ რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატის მომავალი ახალი შემადგენლობა არ დააყოვნებს და კანონი უკვე 2022 წლის დასაწყისში ამოქმედდება. თუმცა ეჭვი შეიტანა, რომ ასევე სწრაფად მოხერხდება საჭირო ინფრასტრუქტურის შექმნა, რათა წესები მხოლოდ ქაღალდზე არ ამოქმედდეს.
„ეს ყველას გაუმარტივებს ცხოვრებას და, რაც მთავარია - მეტი წესრიგი იქნება. ჩვენ შესანიშნავად გვესმის, რომ რუსეთში მიგრანტების 99% ჩამოდის არა სტუმრად, არამედ ხანგრძლივი დროით დასარჩენად. და ეს არ არის ხანმოკლე ვიზიტი. თუ მათ არ უნდათ, რომ დაიჭირონ, დეპორტაციით დააბრუნონ უკან ან ქრთამები ახდევინონ, მაშინ ამ ბარათის მიღება მოუწევთ. და ჩვენ, ბოლოსდაბოლოს, გავიგებთ, რამდენი მიგრანტი ცხოვრობს რუსეთში და კონკრეტულად რომელ სუბიექტში. თორემ ახლა შეუძლებელია დათვლა: ზოგი ამბობს, რომ 8 მლნ, ზოგი - 10 მლნ, ზოგი კი საუბრობს 15 მლნ ადამიანზე“, - დაასკვნა ვადიმ კოჟენოვმა.