თბილისი, 8 ივლისი - Sputnik. ხაშმის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მძარცველებმა, ეკლესიიდან გატანილი ნივთები დააბრუნეს, ისინი ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ, იუწყება „პირველი არხი“.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმში წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია დღეს გაქურდეს. ადგილობრივები აცხადებენ, რომ ტაძრიდან მძარცველებმა ძვირადღირებული თვლებით შემკული გვირგვინი, სასულიერო პირის შესამოსელი, საზიარებელი ჭურჭელი, ვერცხლის ჯვარი და ფული წაიღეს, ასევე დააზიანეს ხატები.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი ზურაბ ყირმელაშვილი აცხადებს, რომ ეკლესიის დარბევასა და ქურდობაში მონაწილე პირების ვინაობა ცნობილია, თუმცა პოლიციას ამ დრომდე არავინ დაუკავებია.
„გუშინ ადგილი ჰქონდა ქურდობას, ახალგაზრდები იყვნენ თრობის ქვეშ, რა ნივთიერებებით, ამას პოლიცია დაადგენს. ეკლესიიდან მოიპარეს რაღაც ნივთები, რომლებიც ჩემი თანდასწრებით დააბრუნეს, აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს და ბოდიშსაც იხდიან“, – აცხადებს მერის წარმომადგენელი.
ამასთან, მთელი დღის განმავლობაში საგარეჯოს პოლიციაში გამოკითხვაზე აღნიშნული ტაძრის სასულიერო პირი და ხაშმში მერის წარმომადგენელი იმყოფებოდნენ.
საქმეზე გამოძიება სსკ-ის 177-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ქურდობას და სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.