თბილისი, 8 ივლისი – Sputnik. თბილისის ირაკლი ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული სამი ჩვილი ბავშვი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული, განაცხადა იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
ჩხაიძის თქმით, ორი ბავშვი ორი თვის, ერთი კი ახალშობილია. სამივე მათგანი კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტშია მოთავსებული, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ამ ეტაპზე უცნობია, ბავშვებს ე.წ. ინდური შტამი აქვთ თუ არა, ორ მათგანზე კვლევა მიმდინარეობს.
„ოქტომბრიდან კოვიდ-პაციენტების მიმღები კლინიკა ვართ და ასეთი რამ არასდროს დაფიქსირებულა, რომ ინფიცირებული ბავშვების ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთება ყოფილიყო საჭირო... ბავშვებში დაავადების მიმდინარეობის ასეთი სიმძიმე კორონავირუსის მეორე ტალღის დროს არ ყოფილა“, – განაცხადა ჩხაიძემ.
მისი განმარტებით, ბავშვებში კორონავირუსის „ინდური შტამის“ გავრცელება მეტია, ვიდრე ვირუსის სხვა ვარიანტების.
საქართველოში კორონავირუსის „ინდური შტამის" (იგივე „დელტა" შტამი) პირველი შემთხვევა ლაბორატორიულად 27 მაისს დადასტურდა. ამ ეტაპზე ქვეყანაში ე.წ. ინდური შტამის სულ 52 შემთხვევაა დადასტურებული, ხუთ საეჭვო შემთხვევაზე კი კვლევა მიმდინარეობს.
„ინდური შტამის" გავრცელების ტემპი კორონავირუსის მუტაციის შემდეგ გაიზარდა, რადგან ის იოლად უმკლავდება ანტისხეულებს, რომლებიც წარმოიქმნება აცრის შემდეგ, ან ბუნებრივი გზით იმ ადამიანების ორგანიზმში, რომლებმაც უკვე გადაიტანეს COVID-19.
სპეციალისტები არ გამოირცხავენ, რომ „ინდურმა" შტამმა მალე „ბრიტანული" შტამი ჩაანაცვლოს, რომელიც ამჟამად აქტიურად ცირკულირებს ქვეყანაში.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსი 30 ათასმა ბავშვმა გადაიტანა.