იწყება რეგისტრაცია პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე

საბაზისო და საშუალო განათლების მქონე ნებისმიერ მოქალაქეს ქვეყნის ნებისმიერ რეგიონში შეუძლია უფასოდ აითვისოს სასურველი პროფესია.
Sputnik
თბილისი, 8 ივლისი – Sputnik. პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია 12 ივლისიდან იწყება და 20 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება, ნათქვამია საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დაინტერესებული პირები მთელი ქვეყნის მასშტაბით შეძლებენ უფასოდ შეისწავლონ სასურველი პროფესია ტურიზმის, მშენებლობის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და სხვა სფეროებში.
იმერეთში ახალი პროფსასწავლებელი შენდება
უწყების ცნობით, აპლიკანტებს დარეგისტრირება შეუძლიათ ონლაინ-რეჟიმში ვებ-გვერდზე www.vet.emis.ge, ასევე საქართველოს მასშტაბით მოქმედ რესურს-ცენტრებსა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში.
2021 წლის მიღებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით საჯარო და კერძო პროფესიული დაწესებულებები სტუდენტებს 100-ზე მეტი დასახელების პროგრამაზე მიიღებენ.
სამინისტროს ინფორმაციით, შემუშავებულია პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხვის ახალი წესი, რომლის თანახმად, წელს პირველად ერთიანი მიღების ფარგლებში იქნება შესაძლებელი ჩარიცხვა არა მხოლოდ საჯარო, არამედ ყველა კერძო დაწესებულებაში.
„ამდენად, ყველა ავტორიზებული, მათ შორის, კერძო დაწესებულება სტუდენტებს მხოლოდ ერთიანი მიღების ფარგლებში, საერთო პლატფორმის მეშვეობით ჩარიცხავს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
საქართველოში პროფგანათლების მიღების მსურველთათვის უნარების სააგენტოს დაარსება იგეგმება
2021 წელს გაიზარდა ინტეგრირებული პროგრამების რაოდენობაც, რაც საბაზო განათლების მქონე პირებს საშუალებას აძლევს პროფესიულ განათლებასთან ერთად სრული ზოგადი განათლებაც მიიღონ.
2021 წელს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული პროფესიული ტესტირების გავლა მხოლოდ უმაღლეს პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველებს მოუწევთ. რაც შეეხება სხვა პროგრამებზე მიღებას, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები პარტნიორ ორგანიზაციებთან, მათ შორის, დამსაქმებლებთან ერთად თავად უზრუნველყოფენ სტუდენტთა შერჩევის პროცესის ორგანიზებას.