თბილისი, 8 ივლისი – Sputnik. საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი Pfizer-ის ვაქცინას ირჩევს და ელოდება, თუ როდის შემოვა ქვეყანაში პრეპარატი, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან.
მისი თქმით, მოლოდინის რეჟიმში საზოგადოება ძვირფას დროს კარგავს, რადგანაც Sinopharm-ის, Sinovac-ისა და AstraZeneca-ს ვაქცინებიც მაღალი ეფექტურობით გამოირჩევა.
„მოსახლეობის დიდი ნაწილი Pfizer-ს ანიჭებს უპირატესობას. მათი მოლოდინები რეალისტურია, ჩვენ გადავალთ Pfizer -ით ვაქცინაციის ფართო კამპანიაზე. დღეისათვის Sinopharm-ზე მომართვიანობა არის, მაგრამ ისეთი მაღალი არა, როგორც ეს იყო ვაქცინის პირველი პარტიის შემოტანის დროს. შეიძლება ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი Pfizer-ს ელოდება“, – განაცხადა გაბუნიამ.
მისი თქმით, საქართველოში ვაქცინაციის პროცესი ისეთი აქტიურობით არ მიდის, როგორი მოლოდინიც იყო. საქართველოს ჯანდაცვის უწყება იმედს გამოთქვამს, რომ მოსახლეობის გარკვეული ნაწილი მაინც გადაწყვეტს კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის იმ ვაქცინებით ჩატარებას, რომელიც ქვეყანაში დღეს არის ხელმისაწვდომი.
„იმედი გვაქვს, რომ ორი კვირის შემდეგ დღეში 20–25 ათასი ადამიანის ვაქცინაცია მოხდება“, – აღნიშნა გაბუნიამ.
საქართველოში მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ჩინური წარმოების Sinopharm-ისა და Sinovac-ის ერთი მილიონი დოზა მიიღო. ვაქცინაციის პროცესში 160 დაწესებულებაა ჩართული.