თბილისი, 8 ივლისი – Sputnik. თბილისის მერიამ ბოლო სამი წლის განმავლობაში სწავლა 5 ათასამდე სოციალურად დაუცველ სტუდენტს დაუფინანსა, განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ ანდრია ბასილაიამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
მერის მოადგილის განცხადებით, დაფინანსება ეხება თბილისში რეგისტრირებულ, სოციალურად დაუცველ ყველა სტუდენტს სწავლების ყველა საფეხურზე, როგორც ბაკალავრიატის, ასევე მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს. ბასილაიას განმარტებით, დაფინანსება დამოკიდებულია სტუდენტის აკადემიურ მოსწრებაზე.
„ჩვენ სრულ კოორდინაციაში ვართ თვითონ უნივერსიტეტებთან, ასევე (განათლების) სამინისტროსთან. პანდემიის ფონზე გაიზარდა იმ სტუდენტების რაოდენობა, რომლებსაც დასჭირდათ დახმარება და ჩვენ კიდევ უფრო გავამარტივეთ კრიტერიუმები“, – განაცხადა ბასილაიამ.
მერის მოადგილის განცხადებით, მერია წარჩინებულ მაგისტრანტებს (არა მხოლოდ სოციალურად დაუცველებს) სტიპენდიას უხდის და ამ პროგრამით ათასზე მეტი სტუდენტი სარგებლობს.
დაფინანსება გაიცემა თბილისში რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ იმ სტუდენტებზე, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში 150 ათასი ან ნაკლებია და სახელმწიფოს მიერ ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე სწავლობენ.
სოციალურად დაუცველი სტუდენტების დაფინანსების ოდენობა, რომელიც წლიურად შეადგენს 2.250 ლარს, დამოკიდებულია სტუდენტის წინა სემესტრის აკადემიურ მოსწრებაზე.