თბილისი, 8 ივლისი - Sputnik. ბავშვთა ქალაქ „მზიურში“ 11 ივლისს წიგნის მეორე ფლი-მარკეტი გაიმართება, რომელიც ამჟამად სპორტის თემას მიეძღვნება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე საუბრისას.
ფლი-მარკეტზე ახალი და მეორადი წიგნები, სუვენირები და ხელნაკეთი ნივთები გაიყიდება.
კალაძის თქმით, „მზიურის“ პარკში უიმბლდონის ტურნირისა და ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატის ფინალური მატჩების პირდაპირი ტრანსლაცია განხორციელდება.
„ორივე შეხვედრის ტრანსლაციას დიდ ეკრანზე განვახორციელებთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ფლი-მარკეტის სტუმრებს მიეცემათ საშუალება, მთელი დღის განმავლობაში ისიამოვნონ წიგნებით, სპორტული დაპირისპირებითა და ბუნებაში ყოფნით“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
მისივე თქმით, ფლი-მარკეტის სტუმრებს საშუალება ექნებათ თავიანთ საყვარელ სპორტსმენებსა და მწერლებს შეხვდნენ, რომლებთან ერთადაც ფინალური მატჩების ყურებასა და ლიტერატურაზე საუბარს შეძლებენ. ფლი-მარკეტზე ასევე საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია „ფანშოპით“ იქნება წარმოდგენილი.