თბილისი, 7 ივლისი – Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე რუსთაველის გამზირზე ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ გმობს ნებისმიერი მოქალაქის მიმართ გამოხატულ აგრესიასა და ძალადობას.
„უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, თუ საით მივდივართ. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი, ყველას ერთიანი მიზანი ევროპული ოჯახის წევრობაა. თითოეული მსგავსი ქმედება კი ამ მიზანს მნიშვნელოვნად გვაშორებს“, – განაცხადა მინისტრმა.
ეკატერინე ტიკარაძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ გამოინახოს გზები, რითიც დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთთან კომუნიკაციას შეძლებენ, ისაუბრებენ პრობლემატურ საკითხებზე და აგრესიას კონსტრუქციულ დიალოგად აქცევენ.
„უნდა გავითვალისწინოთ, რომ აგრესია და ძალადობა არც ქართული და არც ევროპული ტრადიცია არაა", – თქვა ეკატერინე ტიკარაძემ.
5 ივლისს არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისი პრაიდი“ სექს-უმცირესობების სოლიდარობის კვირეულის დასკვნითი ღონისძიების „ღირსების მარშის“ ჩატარებას გეგმავდა, რომელიც რუსთაველის გამზირზე 18:00 საათზე უნდა დაწყებულიყო. მაგრამ დილის 11 საათიდან თბილისის ცენტრში კონტრაქცია დაიწყო.
რუსთაველზე ლგბტ–თემის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები არ გამოჩენილან, ხოლო „ტრადიციული ფასეულობების მომხრეთა“ მთელი აგრესია მედიასაშუალებების გადამღებ ჯგუფებს დაატყდა თავს – ისინი სცემეს, შეურაცხყოფა მიაყენეს, აპარატურა დაუზიანეს. რადიკალური დაჯგუფებების თავდასხმის ობიექტი 50-ზე მეტი ჟურნალისტი გახდა, რამდენიმე მათგანი ამ დრომდე კლინიკაში რჩება. რადიკალური დაჯგუფების წევრებმა ასევე დაარბიეს „თბილისი პრაიდისა“ და პარტნიორი ორგანიზაციების ოფისები. იყო თავდასხმები რიგით გამვლელებზეც, რომელთა გარეგნობაც მათ შეუფერებლად მიიჩნიეს.
სექს-უმცირესობების მოწინააღმდეგეთა აგრესიის გარეშე არ ჩაუვლია რუსთაველის გამზირზე გუშინ, საღამოს 8 საათზე გამართულ „მდუმარე აქციასაც“, რომელზეც ძალადობისა და ვანდალიზმის არაერთი ფაქტი დაფიქსირდა. ლგბტ–თემის მოწინააღმდეგეები მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდნენ იმ ტერიტორიაზე შეღწევას, სადაც მედიის სოლიდარობისადმი მიძღვნილი „მდუმარე აქცია“ ტარდებოდა და რომელზეც არცერთი პოლიტიკური განცხადება არ გაკეთებულა.
რადიკალურად განწყობილმა 2 ათასამდე ადამიანმა, რომლებიც საკუთარ თავს „ტრადიციული ფასეულობების დამცველებს“ უწოდებენ, პარლამენტის წინ მდებარე ტერიტორია მას შემდეგ დაიკავეს, რაც ძალადობის წინააღმდეგ „მდუმარე აქცია“ დასრულდა. „მდუმარე აქციის“ მონაწილეები ტერიტორიიდან პოლიციამ გაიყვანა და მხარეებს შორის ღია დაპირისპირება აღკვეთა.
შსს-ს ცნობით, გუშინ რუსთაველის გამზირზე კონტრაქციის 100 მონაწილე დააკავეს.