თბილისი, 7 ივლისი - Sputnik. მინდელისა და ძიძიგურის შახტებში ქვანახშირის მოპოვება 3 ივლისიდან შეჩერებულია - 400 თანამშრომელი გაფიცულია, განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის თანამშრომელთა პროფკავშირის პრეზიდენტმა თამაზ დოლაბერიძემ.
მაღაროს თანამშრომლები ითხოვენ ხელფასების 300 ლარით მომატებას და ეწინააღმდეგებიან ბონუსების სისტემას, რომლითაც, მათი თქმით, ხელფასის დანამატი 30-40 ლარს არ აღემატება. სამთომომპოვებელ კომპანია „საქნახშირში“ მათ მოთხოვნას უსაფუძვლოდ მიიჩნევენ, რადგან მათთვის ბონუსების სისტემაა დაწესებული.
„გაფიცვა დაიწყო 400 ადამიანის ინიციატივით, რომლებიც არ მოიპოვებენ ქვანახშირს, მაგრამ გამოაქვთ ის შახტიდან. ამის გამო ორივე მაღარო პარალიზებულია და ქვანახშირის მოპოვებას აზრი არა აქვს, ვიდრე მისი გამოტანის საკითხი არ გადაწყდება“, - აღნიშნა დოლაბერიძემ.
პროფკავშირის ხელმძღვანელმა დასძინა, რომ ის მეშახტეები, რომლებიც უშუალოდ მიწის ქვეშ ქვანახშირის მოპოვებაზე მუშაობენ, არ ითხოვენ ხელფასების მომატებას, რადგან მათი ანაზღაურება ორჯერ მეტია, ვიდრე გაფიცულების.
გაფიცულების ხელფასი 450-800 ლარია, ქვანახშირის მომპოვებელი მეშახტეებისა კი - საშუალოდ 1300 ლარი.
ბოლოს „საქნახშირმა“ თანამშრომლებს ხელფასები შარშან 20-30%-ით გაუზარდა. დოლაბერიძის თქმით, ახლა კომპანია აცხადებს, რომ არა აქვს დარჩენილი თანხა, რადგან წარმოების სიმძლავრე შემცირებულია.
„კომპანიაში აღნიშნავენ, რომ მეტის გადახდა არ შეუძლიათ, რადგან კომპანიის შემოსავალი ამის საშუალებას არ იძლევა. ადმინისტრაცია საკითხის გადახედვას შეძლებს იმ შემთხვევაში, თუ ქვანახშირის მოპოვება თვეში 30 ათას ტონას მიაღწევს. ამჟამად მოპოვება 20-22 ათასი ტონაა“, - აღნიშნა დოლაბერიძემ.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, მათთან მოქმედებს ბონუსების სისტემა, რომლის წყალობითაც მეშახტეები დაახლოებით 300-ლარიან დანამატს იღებენ.
მაღაროს თანამშრომლები უარს ამბობენ ბონუსების სისტემაზე და ფიქსირებული ხელფასის მომატებას ითხოვენ.
ამჟამად ტყიბულში ორი მაღარო მუშაობს - მინდელის და ძიძიგურის. დანარჩენი 25 კარიერი გაჩერებულია 2018 წლის ივლისიდან, მას შემდეგ, რაც სხვადასხვა მიზეზით იქ მუშები დაიღუპნენ.
კომპანია „საქნახშირში“ 1250 ადამიანი მუშაობს, მათგან 600 უშუალოდ მოიპოვებს ქვანახშირს.