თბილისი, 7 ივლისი – Sputnik. აჭარაში, ჩირუხის მთაზე ევროპაში ყველაზე გრძელი ზიპლაინი აშენდება, ამის შესახებ განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის სხდომაზე, რომელიც მან შუახევის მუნიციპალიტეტში ჩაატარა.
როგორც აჭარის მთავრობის განცხადებაშია აღნიშნული, დაგეგმილი და მიმდინარე პროექტები განიხილებოდა რესპუბლიკის გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში. განახლებული ბიუჯეტით, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი გახდება რეგიონში ტურისტული პოტენციალის ამაღლება და საინვესტიციო პროცესების გაძლიერება. განხორციელდება მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები, აცხადებენ რეგიონის მთავრობაში.
„შუახევში ვგეგმავთ ათეული მილიონობით ლარის მობილიზებას და ტურიზმის განვითარების მიმართულებით პროექტების განხორციელებას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ ჩირუხის მთაზე გაკეთდება ევროპაში ყველაზე გრძელი ზიპლაინი, რომელიც ჩირუხს და შუახევის მცხოვრებელს კიდევ უფრო მეტ ტურისტს მოუზიდავს“, - განაცხადა რიჟვაძემ.
შუახევში, ჩირუხის მთაზე, ორზოლიანი ზიპლაინის მოსაწყობად 10 მლნ ლარი დაიხარჯება. ასევე, ჭვანას ხეობაში ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის გამოყოფილია 10 მლნ ლარი. პირველ ეტაპზე, ხაბელაშვილების ისტორიული ხიდის მიმდებარედ ტურისტული ინფრასტრუქტურა და საფეხმავლო ბილიკი მოეწყობა. ასევე, დაგეგმილია „წისქვილების სოფლის" ტურისტული განვითარება და ეთნოგრაფიული ეზოს მოწყობა, აღნიშნულია განცხადებაში.