თბილისი, 6 ივლისი – Sputnik. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი საკუთარ თანამშრომლებსა და სტუდენტებს მასობრივი ვაქცინაციის პროცესში ჩართვისკენ მოუწოდებს, ნათქვამია უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ინფორმაციაში ნათქვამია, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, მისი პროფესურა, ექიმები, სტუდენტები, რეზიდენტები, მკვლევარები პანდემიის დაწყებისთანავე აქტიურად არიან ჩართული კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში.
უნივერსიტეტში აღნიშნავენ, რომ სასწავლებლის აკადემიური, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალისა და სტუდენტების 40%-ზე მეტი უკვე ვაქცინირებულია. უსაფრთხო მომავლისკენ მიმავალი გზა დღეს მასობრივ ვაქცინაციაზე გადის, აცხადებენ თსსუ-ში.
„მოვუწოდებთ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თანამშრომლებსა და სტუდენტებს, გამოიყენონ დიდი ძალისხმევით შექმნილი შესაძლებლობა და 2021 წლის ივლისსა და აგვისტოში მასობრივად ჩაერთონ ვაქცინაციის კამპანიაში", – აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ვაქცინაცია ერთადერთი საშუალებაა უსაფრთხო სასწავლო და კვლევითი გარემოს შექმნისთვის, საზოგადოების განვითარებისა და წინსვლისათვის.
საქართველოში 5 ივლისიდან მასობრივი ვაქცინაცია დაიწყო. ქვეყანაში შემოტანილია ჩინური ვაქცინები Sinopharm და Sinovac. ჯანდაცვის სამინისტრომ ვაქცინაციისთვის 350 ბრიგადა და 150 კლინიკა მოამზადა.
ბოლო მონაცემებით, ამ დროისათვის ქვეყანაში აიცრა 272.810 მოქალაქე, ორჯერადად – 107.377 პირი.