საპატრიარქო: „TV პირველმა“ ლგბტ-ს მხარდამჭერ მონაზონზე „ფეიკი“ გაავრცელა

სოციალურ ქსელში დღეს გავრცელებული ქართველი მონაზვნის ფოტო, რომელიც მხარს უჭერს ლგბტ საზოგადოებას და ხალხს მოუწოდებს ერთმანეთი უყვარდეთ, ყალბი აღმოჩნდა.
Sputnik
თბილისი, 6 ივლისი – Sputnik. საქართველოს საპატრიარქო უარყოფს ოპოზიციური ტელეკომპანია „TV პირველის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ნეკრესის ქალთა მონასტრის ერთ-ერთმა მონაზონმა ლგბტ თემისა და „ღირსების მარშს" მხარდაჭერა გამოუცხადა. ამის შესახებ ინფორმაცია საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა გაავრცელა.
6 ივლისს „TV პირველმა“ თავის Facebook-გვერდზე გამოაქვეყნა ფოტო და ინფორმაცია, რომ ნეკრესის მონასტრიდან დედა მარიამმა სოლიდარობა გამოუცხადა საქართველოს ლგბტ საზოგადოებას. ტექსტში საუბარი იყო იმაზე, რომ მონაზონმა დააყენა ფილტრი ლგბტ სიმბოლოებით და პატიება ითხოვა გუშინდელი არეულობისთვის, ხოლო სამწყსოს მოუწოდა ერთმანეთის სიყვარულისა და გაფრთხილებისკენ.
როგორც საპატრიარქოში აღნიშნეს, ნეკრესის ეპარქიაში დედათა მონასტერი არ არსებობს და ფოტოზე გამოსახული ადამიანი არ ეკუთვნის მართლმადიდებლური ეკლესიის მოღვაწეებს.
„ფოტოზე გამოსახული ადამიანი ნეკრესის მონაზონი არ არის. გარდა ამისა, ნეკრესის ეპარქიაში არ არსებობს დედათა მონასტერი. ეს ადამიანი არ ეკუთვნის საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის რიგებს. ამასთან, Facebook-გვერდი ასეთი სახელით ასევე არ არსებობს ინტერნეტში“, – ნათქვამია განცხადებაში.
სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტო არის ფალსიფიკაცია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება, ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.
შეტაკებები ლგბტ თემის მოწინააღმდეგეთა აქციაზე - ვიდეო
5 ივლისს არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისი პრაიდის“ და მათი მხარდამჭერი აქტივისტების მიერ ლგბტ თემის უფლებების დასაცავად დაგეგმილი იყო აქცია „ღირსების მარში". მაგრამ უკვე დილის 11 საათზე, დაგეგმილ მარშამდე დიდი ხნით ადრე, რუსთაველის გამზირზე „ზნეობის მცველების" აგრესიული კონტრაქცია დაიწყო.
გამზირზე ლგბტ თემის წარმომადგენლები და მათი მომხრეები არ გამოჩენილან, ხოლო „ტრადიციული ღირებულებების დამცველების” აგრესიის სამიზნე ჟურნალისტები გახდნენ. მათ სცემდნენ ყველაფრით, რაც ხელში მოხვდებოდათ, უმტვრევდნენ აპარატურას, შეურაცხყოფას აყენებდნენ, განურჩევლად იმისა ვინ რომელ მედიას წარმოადგენდა. თავს დაესხნენ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ოფისებს, რიგით გამვლელებს, რომელთა გარეგნობამაც მათი გაღიზიანება გამოიწვია. ქალაქში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით გადაწყდა, რომ „ღირსების მარში" არ ჩატარდებოდა.
არეულობების შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ძალადობის 55 ფაქტი გამოვლინდა, საიდანაც 53 მასმედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ იყო მიმართული. დააკავეს 11 ადამიანი.