თბილისი, 6 ივლისი — Sputnik. ამ წუთებში თბილისის ცენტრში პოლიციის თანამშრომლები აკავებენ რადიკალური კონსერვატიული ჯგუფების წარმომადგენლებს, რომლებიც ცდილობენ ხელი შეუშალონ 20:00 საათისთვის დაგეგმილ 5 ივლისს დაზარალებული ჟურნალისტების მიმართ სოლიდარობის, დუმილის აქციას.
აქციის ორგანიზატორები არიან პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები. ისინი აპირებენ შეიკრიბონ საქართველოს პარლამენტის წინ და დუმილით გამოთქვან პროტესტი თბილისის ქუჩებში ძალადობის წინააღმდეგ, როდესაც დაშავდა 55 ადამიანი, მათ შორის 53 ჟურნალისტი.
საქართველოს პარლამენტის შენობასთან სიტუაცია დუმილის აქციის დაწყებამდე ბევრად ადრე დაიძაბა. რადიკალური ჯგუფების წარმომადგენლები მივიდნენ პარლამენტის შენობასთან და განაცხადეს, რომ არ დაუშვებენ აქციის ჩატარებას. მათ მიტინგზე მისულ ერთ-ერთ მამაკაცზე თავდასხმა სცადეს.
ამჯერად პოლიციამ სწრაფად აღკვეთა ძალადობა და დააკავა ყველა, ვინც შეეცადა წინააღმდეგობა გაეწია მისი მოთხოვნებისთვის.
რადიკალური ჯგუფების რამდენიმე წარმომადგენელმა ჟურნალისტებზე თავდასხმა ისევ სცადა, მაგრამ ისინი დაუყოვნებლივ დააკავეს.
წინასწარი ინფორმაციით, დაკავებულია კონტრაქციის 10-მდე მონაწილე.