იუსტიციის მინისტრს ახალი მოადგილე ჰყავს

თამარ ტყეშელაშვილი პირველი მოადგილის რანგში ზედამხედველობას გაუწევს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და ნოტარიუსთა პალატას.
Sputnik
თბილისი, 6 ივლისი – Sputnik. საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველ მოადგილედ თამარ ტყეშელაშვილი დაინიშნა. ახალი მოადგილე ბრიფინგზე მინისტრმა რატი ბრეგაძემ წარადგინა.
თამარ ტყეშელაშვილი იუსტიციის სამინისტროში სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატის საქმიანობას უხელმძღვანელებს.
გურიის რეგიონს ახალი გუბერნატორი ჰყავს
ტყეშელაშვილის თქმით, მისი მუშაობის მთავარი პრიორიტეტი იქნება სახელმწიფო სერვისების შემდგომი გაუმჯობესება და ხელმისაწვდომობა. მან ხაზი გაუსვა, რომ, როგორც ქალი–მოადგილე, განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს სისტემაში მომუშავე ქალთა პრობლემებს.
სამინისტროს ინფორმაციით, თამარ ტყეშელაშვილი პროფესიით იურისტია. არის ადვოკატთა ასოციაციის წევრი. მას აქვს დიდი გამოცდილება როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორში; იყო პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი და იურიდიული მრჩეველი, პრემიერ-მინისტრის ინვესტორთა საბჭოს სამუშაო ჯგუფის წევრი, იურიდიული ფირმა MKD Law-ის პარტნიორი და ბიზნესის განვითარების კომიტეტის წევრი.
ტყეშელაშვილი ფლობს ინგლისურ, რუსულ და უკრაინულ ენებს. მან დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გაიარა ბრიუსელის სენტ-ლუისის უნივერსიტეტის სასერტიფიკაციო პროგრამა ევროპულ და საერთაშორისო სამართალში.