თბილისის საკრებულოში ეთნიკურ უმცირესობებთან შეხვედრები იწყება

თბილისის საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიასთან ეროვნული უმცირესობების საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა გაიმართა.
Sputnik
თბილისი, 6 ივლისი – Sputnik. საკრებულოში ეთნიკური უმცირესობების ჯგუფებთან შეხვედრების სერია იწყება. ამის შესახებ განაცხადეს თბილისის საკრებულოში, სადაც ეროვნულ უმცირესობათა საკოორდინაციო საბჭოს მორიგი შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრა თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიასთან შედგა. შეხვედრას საკრებულოს წევრი ნინო რუხაძე უძღვებოდა. ეთნიკურ უმცირესობათა ჯგუფის შეკითხვებს კომისიის თავმჯდომარე გიორგი ბირბიჩაძემ უპასუხა.
„ღონისძიების ფარგლებში დამსწრეთა მხრიდან დაისვა არაერთი რელევანტური შეკითხვა, რომლებიც მათ განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენს. სწორედ მათი ინტერესიდან გამომდინარე, დღევანდელი შეხვედრა სოციალურ და ჯანდაცვის სფეროს თემატიკას დაეთმო", – განაცხადა რუხაძემ.
სხდომას ასევე ესწრებოდა საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე რიტა ხიდირბეგიშვილი.