შსს „პრაიდის“ ორგანიზატორებს მოუწოდებს, უარი თქვან საჯარო სივრცეში „მარშის“ გამართვაზე

შსს-ს ინფორმაციით, დედაქალაქში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით მობილიზებული არიან პოლიციის თანამშრომლები.
Sputnik
თბილისი, 5 ივლისი – Sputnik. რუსთაველის გამზირზე მოწინააღმდეგე ჯგუფების მიერ დაგეგმილი აქციების მასშტაბურობიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ საჯაროდ მოვუწოდებთ „თბილისი პრაიდის" მონაწილეებს, უარი თქვან ღია სივრცეში მარშის გამართვაზე, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში
ჯაღმაიძე: ვემიჯნებით ნებისმიერ ძალადობას
დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისი პრაიდი" (Tbilisi Pride) „პრაიდი-კვირეულის“ ფარგლებში თბილისში, რუსთაველის გამზირზე დასკვნითი ღონისძიების – „ღირსების მარშის“ ჩატარებას გეგმავს.
ამ დროისათვის პარლამენტის შენობის წინ მდებარე ტერიტორიაზე დაძაბული ვითარებაა. სასულიერო პირები და „ღირსების მარშის“ მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ ისინი დღეს დაგეგმილი ღონისძიების ორგანიზატორებს რუსთაველის გამზირზე შეკრების საშუალებას არ მისცემენ.
შსს ასევე მოუწოდებს რუსთაველზე შეკრებილ ყველა პირს, დაიცვან წესრიგი, დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს და ნებისმიერ თემაზე პროტესტი გამოხატონ კანონის ფარგლებში.
„ასევე მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, არ დაუშვან ძალადობრივი მოწოდებები და არ გასცდნენ შეკრებისა და გამოხატვის კანონით დასაშვებ ფარგლებს. სამართალდარღვევის ყველა ფაქტს პოლიციის მხრიდან მოჰყვება მკაცრი და მყისიერი რეაგირება“, – აღნიშნულია განცხადებაში. 
„ღირსების მარში“ კონტრაქციის ფონზე გაიმართება
ამ დილით „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა პარლამენტის შენობის წინ ოპოზიციის მიერ ადრე გაშლილი კარვები დაარბიეს. აქციის მონაწილეთა განცხადებით, ისინი დღეს დაანონსებული „ღირსების მარშის“ ჩატარებას არ დაუშვებენ.
დემონსტრანტები აგრესიულად არიან განწყობილი მასმედიის წარმომადგენლების მიმართაც და მათ აქციაზე მუშაობის საშუალებას არ აძლევენ. მათ ჟურნალისტებს ბოთლები და ქვები ესროლეს, დაშავებულია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ოპერატორი.
შსს-ს განცხადებით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე შეკრებილი ცალკეული პირების მხრიდან მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ განხორციელდა ძალადობრივი ქმედებები და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტები. მომხდარ ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 154-ე (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა) და 126-ე (ძალადობა) მუხლებით დაიწყო.