არსებობს ტანისამოსი, რომელიც სიტყვებზე მეტს ამბობს. მათ რიგებს მიეკუთვნება მოკლე შავი კაბა, რომელშიც პრინცესა დიანა 1994 წლის 29 ივნისს ლონდონის The Serpentine Gallery-ს საქველმოქმედო საღამოზე გამოჩნდა. სწორედ იმ დღეს ტელევიზიით გავიდა დოკუმენტური ფილმი პრინც ჩარლზის შესახებ, რომელშიც იგი აღიარებდა, რომ მან ცოლი მოატყუა და უღალატა მას. დოკუმენტურ ფილმს მრავალმილიონიანი აუდიტორია ჰყავდა. მედია გაოცებული იყო, სხვა თემა დღის წესრიგში აღარ იდგა. დიანამ შეძლო ყველას ყურადღება მისკენ მიეპყრო და ეჩვენებინა ქმრისთვის, ვინ დაკარგა მან ახლახან.
ქრისტინა სტამბოლიანის მიერ შექმნილმა ფენომენალურმა კაბამ სამუდამო ადგილი დაიკავა დიანას გარდერობში. ჰერცოგინია სამი წლის განმავლობაში ელოდა კაბის ჩაცმას, „ეშინოდა, რომ ძალიან პროვოკაციული იყო“, – გაიხსენა დიზაინერმა წლების შემდეგ.
კაბის ჩაცმის გადაწყვეტილება ძალიან თამამი ნაბიჯი იყო ინგლისის მომავალი მეფის მეუღლისთვის და, რა თქმა უნდა, ის მიდიოდა სამეფო პროტოკოლის წინააღმდეგ. ეს სტილი ჰოლივუდის ვარსკვლავს უფრო მოგაგონებთ, ვიდრე უელსის პრინცესას. იმ საღამოს დიანამ (და მთლიანად ბრიტანეთმა) იცოდა, რომ მისი და პრინც ჩარლზის ქორწინება დასრულდებოდა. ასე რომ, მას დასაკარგი არაფერი ჰქონდა. იგი მზად იყო ცხოვრებაში ახალი თავი დაეწყო და მან ეს სანახაობრივი გზით გააკეთა.
ჰერცოგინია აქამდე ასე სექსუალურად არასოდეს გამოჩენილა. კაბა ხაზს უსვამდა მის სპორტულ ფიგურას. მიუხედავად იმისა, რომ კონსერვატული სასახლის წრეებში კაბა ნამდვილად სკანდალური იყო, დიანა მასში თავს ძალიან კომფორტულად გრძნობდა. ღონისძიების ფოტოებიდან ჩანს, რომ იგი თავდაჯერებული და ენერგიით სავსეა. მისგან ახალგაზრდობა და თავისუფლების სურვილი მოდის.
„დიანამ ზუსტად იცოდა რა სურდა და რა მოსწონდა. მისი არჩევანი არასოდეს ყოფილა რაიმე ტენდენციით ნაკარნახევი“, – იხსენებს პრინცესას სტილისტი ერთ-ერთ ინტერვიუში.
შავ კაბას უფრო დახვეწილს ულამაზესი მარგალიტის ყელსაბამი ხდიდა. იგი შედგებოდა მარგალიტების, ბრილიანტებისა და უზარმაზარი საფირონის ქვისგან, რომელიც დიანას დედამ აჩუქა. ჰერცოგინიას ძალიან მოსწონდა ეს ყელსაბამი და მას სხვადასხვა დროს ატარებდა.
1997 წლის ზაფხულში ნიუ-იორკში დიანამ გადაწყვიტა 79 ყველაზე ცნობილი საღამოს და კოქტეილის კაბა აუქციონზე გამოეტანა, შემოსული თანხა კი კიბოსა და შიდსის წინააღმდეგ ბრძოლას მოხმარდებოდა. ექსპონატებს შორის, რა თქმა უნდა, იყო „შურისძიების კაბაც“, რომელიც 74 000 დოლარად გაიყიდა.