„ღირსების მარში“ კონტრაქციის ფონზე გაიმართება

ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ არეულობაა – „ღირსების მარშის“ მოწინააღმდეგეები ღონისძიების ორგანიზატორებს მოუწოდებენ, უარი თქვან დღევანდელ შეკრებაზე.
Sputnik
თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. აქცია „ღირსების მარშის“ საორგანიზაციო გუნდი უსაფრთხოების საკითხებზე მუშაობს და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქტიურ კომუკიკაციაშია, ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისი პრაიდის“ განცხადებაში. 
საპატრიარქო „თბილისი პრაიდის“ მარშის პარალელურად შეკრებას აანონსებს
არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისი პრაიდი" (Tbilisi Pride) 1-5 ივლისს პრაიდ-კვირეულს ატარებს, რომლის ფარგლებში დაგეგმილია თემატური ღონისძიებები, რომელიც გეგმის მიხედვით დღეს თბილისში, რუსთაველის გამზირზე „ღირსების მარშით“ უნდა დასრულდეს. მარშის ლოზუნგი იქნება „გამოდი სოლიდარობის ნიშნად".
როგორც ორგანიზაციის განცხადებაშია აღნიშნული, დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით ლგბტ ადამიანებისა და მხარდამჭერების მხრიდან ინტერესი დიდია.
„როგორც უკვე ვიცით, იგეგმება კონტრაქცია ძალადობრივი ჯგუფების მხრიდან. ჩვენ ვართ მშვიდობიანი დემონსტრანტები და არ გვსურს „ღირსების მარშს“ მოჰყვეს ძალადობრივი ინციდენტები. სწორედ ამის გამოსარიცხად ვცდილობთ მაქსიმალურად შევამციროთ კონტრაქციის მონაწილეებთან ფიზიკური შეხების შესაძლებლობა“, – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობილია, რომ „მარში“ სტარტს აიღებს მეტროს სადგურ „რუსთაველთან“, მაგრამ საით გაემართება მსვლელობა, ამას ორგანიზატორები არ აკონკრეტებენ.
დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მას მიზანშეუწონლად მიაჩნია „ღირსების მარშის“ ჩატარება, რადგან იგი სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხის შემცველია, და ღონისძიების ორგანიზატორებს ალტერნატიული ლოკაციების გამოყენება შესთავაზა. 
ღარიბაშვილი: დღეს დაანონსებული „ღირსების მარშის“ ჩატარება მიზანშეუწონლად მიმაჩნია
„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა გუშინ მეტროს სადგურ „რუსთაველთან“ კარვები გაშალეს. მათი განმარტებით, აქციისა და კარვების გაშლის მიზანია „პრაიდის კვირეულის“ ფარგლებში დღეს დაგეგმილი „ღირსების მარშისთვის“ ხელის შეშლა.
საქართველოს საპატრიარქომ 5 ივლისს „თბილისი პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში მიმდინარე ღონისძიებების პარალელურად ქაშუეთის ტაძართან შეკრება და მშვიდობიანი პარაკლისის ჩატარება დააანონსა. დღეს „თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეები თავდაპირველად 9 აპრილის ბაღში და ქაშუეთის ეკლესიასთან უნდა შეკრებილიყვნენ, სადაც პარაკლისს უნდა დასწრებოდნენ, მაგრამ მათ გეგმა შეცვალეს და მშვიდობიანი პარაკლისის ჩატარების ნაცვლად პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლეს, სადაც იქ ადრე გაშლილი კარვების დარბევა დაიწყეს.
ლგბტ ორგანიზაციების ღონისძიებების წინააღმდეგ ღიად გამოდის საქართველოს საპატრიარქო, რომელიც აცხადებს, რომ 5 ივლისისთვის დაგეგმილი „ღირსების მარშის“ ჩატარებით „ინტერესების დაცვა კი არ ხდება, არამედ ხელი ეწყობა მცირე ნაწილისათვის გარკვეული დივიდენდების მიღებას, ხალხში კი ამ ჯგუფისადმი აგრესიის ხელოვნურად გაჩენას“.
ამ დროისათვის პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე დაძაბული ვითარებაა. სასულიერო პირები და „ღირსების მარშის“ მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ ისინი დღეს „მარშის“ ორგანიზატორებს რუსთაველის გამზირზე შეკრების საშუალებას არ მისცემენ.