ავსტრიამ საქართველოს AstraZeneca-ს ვაქცინის 5 ათასი დოზა აჩუქა

ვაქცინაციის ეროვნული გეგმის თანახმად, 2021 წლის განმავლობაში ვაქცინაციის ჩატარების სამიზნე ნიშნული მოსახლეობის 60 პროცენტს შეადგენს.
Sputnik
თბილისი, 5 ივლისი – Sputnik. ავსტრიის მიერ საქართველოსთვის საჩუქრად გადაცემული კორონავირუსის საწინააღმდეგო AstraZeneca-ს ვაქცინის 5 ათასი დოზა უკვე თბილისშია. ამის შესახებ ინფორმაციას ავსტრიაში საქართველოს ელჩი ქეთევან ციხელაშვილი ავრცელებს.
„ახლახან დაეშვა თბილისის აეროპორტში ვენა–თბილისის რეისი, რომლითაც ავსტრიის მიერ საქართველოსთვის საჩუქრად გადაცემული 5 ათასი დოზა AstraZeneca-ს ვაქცინა ჩავიდა! ეს მეგობრობის მნიშვნელოვანი ჟესტია, რასაც ძალიან ვაფასებთ!“ – წერს ქეთევან ციხელაშვილი სოციალურ ქსელში.
მანამდე საქართველომ AstraZeneca-ს ვაქცინა ორჯერ, მარტსა და მაისში მიიღო – ჯამში 86 ათასი დოზა. პრეპარატის მესამე პარტიას კი ქვეყანა 22 ივნისისთვის ელოდა, თუმცა მისი შემოტანა გარკვეული ლოგისტიკური ხარვეზების გამო ვერ მოხერხდა.
საქართველო მასობრივი ვაქცინაციისთვის ემზადება
ქვეყანაში ვაქცინაცია 15 მარტიდან AstraZeneca-ს, 30 მარტიდან კი Pfizer-ის ვაქცინებით დაიწყო. ვაქცინაციის პროცესში 4 მაისიდან ჩინური Sinopharm-ი ჩაერთო, 24 მაისიდან კი Sinovac-ი. პირველ ეტაპზე ვაქცინაცია მედპერსონალით დაიწყო, თუმცა შემდგომ პროგრამა გაფართოვდა და ამჟამად იმუნიზაციის პროცესში ჩართვა 18 წელს ზემოთ პირებისთვის არის შესაძლებელი.
3 ივლისის მონაცემებით, საქართველოში სულ 267.727 ადამიანია აცრილი, სრულად, ორი დოზით ვაქცინირებულია 105.649 ადამიანი.