ჟურნალისტები ხელშეუხებელი არიან ყველაზე ცხელ წერტილებშიც კი - კახა კალაძე

თბილისის მერმა დაგმო დღეს ქალაქის ცენტრში განვითარებული მოვლენები და აგრესიულად განწყობილ მოქალაქეებს წესრიგის დაცვისკენ მოუწოდა.
Sputnik
თბილისი, 5 ივლისი - Sputnik. თბილისის მერმა კახა კალაძემ ქართული საზოგადოების სირცხვილი უწოდა თავდასხმას, რომელიც დღეს ქალაქის ცენტრში ჟურნალისტებზე რადიკალურად განწყობილი დაჯგუფებების მხრიდან განხორციელდა.
დღეს რუსთაველის გამზირზე „ღირსების მარშის“ და „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები ფიზიკურად გაუსწორდნენ თითქმის ყველა ტელეარხის გადამღებ ჯგუფებს. აგრესიულად განწყობილმა ადამიანებმა ჟურნალისტებს მუშაობისა და აქციის გაშუქების საშუალება არ მისცეს. რამდენიმე ადამიანი საავადმყოფოშიც კი მოხვდა.
თბილისში არასამთავრობო ორგანიზაციის ოფისის აფეთქება სცადეს
დაშავებული ჟურნალისტების რაოდენობა ზუსტდება. ოთხი წამყვანი არხის ხელმძღვანელობამ შსს-ს და საქართველოს ხელისუფლებას თანამშრომლების დაცვისა და დამნაშავეთა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის მოთხოვნით მიმართა. ნაწილმა გადამღები ჯგუფები აქციიდან გაიწვია.
მოგვიანებით არასამთავრობო ორგანიზაციამ „თბილისი პრაიდმა“ განაცხადა, რომ აუქმებდა დღევანდელ „ღირსების მარშს“.
როგორც კახა კალაძემ თავის Facebook-გვერდზე დაწერა, ასეთი აგრესია დაუშვებელია, ჟურნალისტებს თავიანთი სამუშაოს შესრულების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ.
„მეგობრებო, თანამოქალაქენო, მოგიწოდებთ ყველას სიმშვიდისკენ! დაუშვებელია ძალადობა! წარმოუდგენელი ფაქტები ფიქსირდება, თავდასხმები მოზარდებზე, ქალებზე, ტურისტებზეც კი.“
„ჩვენ გვიყურებს საქართველოს მტერიც და მოყვარეც. დაუშვებელია ასე სირბილი ქუჩებში, დაუშვებელია აგრესია. მედია  მსოფლიოს  ცხელ  წერტილებშიც  კი  ხელშეუხებელია.  ჩვენი  საზოგადოების  სირცხვილია  ჟურნალისტების  მიმართ  გამოხატული  უმართავი  აგრესია.  მიეცით  მათ  მუშაობის  საშუალება“, - დაწერა მერმა.
ლგბტ თემის მოწინააღმდეგეები ჟურნალისტებსა და ოპერატორებს დაესხნენ თავს – ვიდეო
ჟურნალისტების წინააღმდეგ აგრესია დაგმო ასევე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, პოლიციამ ვერ შეძლო ოპერატიულად რეაგირება ძალადობის ყველა შემთხვევაზე აქციის მონაწილეთა სიმრავლის გამო. მან ასევე დაძაბულობის ესკალაციაში რადიკალური ოპოზიცია, კერძოდ კი „ნაციონალური მოძრაობა“ დაადანაშაულა.
ოპოზიციურმა პარტიებმა კი მთელი პასუხისმგებლობა მომხდარზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს დააკისრეს.