ვაქცინაციაზე რეგისტრაცია ქოლ-ცენტრების მეშვეობით გახდება შესაძლებელი

სპეციალისტები განაგრძობენ კიბერშეტევის შედეგების აღმოფხვრას და ჯერჯერობით უცნობია, როდის დაიწყება ელექტრონული რეგისტრაცია.
Sputnik
თბილისი, 4 ივლისი - Sputnik. ვაქცინაციის პროგრამაში ჩართული 150 დაწესებულება შექმნის საკუთარ ქოლ-ცენტრებს, რისი მეშვეობითაც მოქალაქეები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე ჯავშნის გაკეთებას შეძლებენ, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ.
გუშინ ვაქცინა Sinopharm-ზე რეგისტრაცია უნდა დაწყებულიყო, მაგრამ სპეციალური სარეგისტრაციო პორტალი https://booking.moh.gov.ge დილიდან არ მუშაობდა. ოფიციალური ინფორმაციით, ვაქცინაციის სარეგისტრაციო პორტალზე მასობრივი კიბერშეტევა განხორციელდა, სპეციალისტები მთელი დღის განმავლობაში ცდილობდნენ ხარვეზის აღმოფხვრას.
საქართველოში ვაქცინაციაზე რეგისტრაციის პროცესი კვლავ შეჩერებულია
როგორც გაბუნიამ განაცხადა,  ამ დროისთვის პორტალი ჩაირთო, თუმცა ვაქცინაციის მსურველები რეგისტრაციას კვლავ ვერ ახერხებენ.
„24 საათიან რეჟიმში მუშაობს ტექნიკური ჯგუფი, გარკვეული ხარვეზები გამოსწორდა, თუმცა, ჯერჯერობით, ყველა ხარვეზის გამოსწორება ვერ მოხერხდა. მუშაობა გრძელდება და როგორც კი დასრულდება აღდგენითი სამუშაოები, მოსახლეობა ამის შესახებ ინფორმაციას დაუყოვნებლივ მიიღებს", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
აგრეთვე ამ დრომდე არ განახლებულა მონაცემები პორტალ stopcov.ge-ზე, რომელიც კორონავირუსთან დაკავშირებით ახალ მონაცემებს ყოველდღე აქვეყნებს. შაბათს გავრცელებული ინფორმაციით, ამ ვებგვერდზე შეფერხება ასევე კიბერშეტევამ გამოიწვია.
საქართველომ ჩინური წარმოების Sinopharm–ისა და Sinovac–ის 1 მლნ დოზა ვაქცინა პარასკევს მიიღო. მთავრობა აცხადებს, რომ ერთი თვის შემდეგ ქვეყანაში აღნიშნული პრეპარატების დამატებითი 500 ათასი დოზა შემოვა. ხელისუფლების გეგმებშია ყოველდღიურად 20–25 ათასი ადამიანისთვის აცრის ჩატარება. მასობრივი ვაქცინაციის დაწყება 5 ივლისს იგეგმება.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვაქცინაციის სარეგისტრაციო ვებგვერდ booking.moh.gov.ge-ზე კიბერშეტევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 285-ე (კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის უკანონოდ გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) და 286-ე (კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფა, რამაც კომპიუტერული სისტემის ფუნქციონირების განზრახ მნიშვნელოვანი შეფერხება გამოიწვია) მუხლების პირველი ნაწილებით მიმდინარეობს.