თბილისი, 4 ივლისი - Sputnik. ტყიბულში მინდელის სახელობის შახტის თანამშრომლების შეხვედრა სამთომომპოვებელი კომპანია „საქნახშირის“ ხელმძღვანელობასთან უშედეგოდ დასრულდა.
შახტის თანამშრომლებმა გაფიცვა შაბათს, 3 ივლისს გამოაცხადეს. ისინი ხელფასის მომატებას 300 ლარით მოითხოვენ და ეწინააღმდეგებიან ბონუსების სისტემას, რომლითაც სახელფასო დანამატი, მათი თქმით, 30-40 ლარს არ აღემატება. თავის მხრივ, კომპანია „საქნახშირში“ აცხადებენ, რომ გაფიცული მეშახტეების მოთხოვნების გამოხატვის ფორმა მათთვის მიუღებელია. ისინი არ აპირებენ ხელფასების მომატებას, რადგან მეშახტეებისთვის ბონუსების სისტემა არსებობს.
მეშახტეების თქმით, მათი ხელფასი 580-დან 640 ლარამდე მერყეობს.
„მხოლოდ ის გვინდა, ჩვენი შრომა დაფასდეს. ბონუსით ვერაფერს ვაკეთებთ. 30 ლარი ბონუსად არ ითვლება. ვთხოვთ ჩვენს მაჟორიტარს, ქალაქის გამგებელს, დაგვიდგნენ გვერდით“, - განაცხადა ერთ-ერთმა მეშახტემ ტელეკომპანია Formula-ს ეთერში.
„640 ლარი მაქვს ხელფასი და 400 მეტრზე ჩავდივარ მიწაში. ოჯახები გვყავს სარჩენი. რა ვქნათ“, - ამბობს სხვა მეშახტე.
დღეს ტყიბულში ორი შახტია - მინდელის და ძიძიგურის. დანარჩენი 25 კარიერი 2018 წლის ივლისიდან, მესამე ტრაგედიის შემდეგ, არ მუშაობს. 2018 წლის 5 აპრილს ექვსი მეშახტე დაიღუპა, 2018 წლის 2 ივნისს - ორი, 2018 წლის 16 ივლისს კი - ოთხი. მათი გარდაცვალების მიზეზი სხვადასხვაა - მეთანის აფეთქება, კედლების ჩამოშლა.
სამთომომპოვებელ კომპანია „საქნახშირში“ 1170 ადამიანია დასაქმებული.