ტურისტული კომპანიებისთვის ხევსურეთში ინფო-ტური მოეწყო

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ტურისტული კომპანიებისათვის ინფო-ტურებს აგრძელებს.
Sputnik
თბილისი, 4 ივლისი - Sputnik. ქართული 20-მდე ტურისტული კომპანიის წარმომადგენელი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებულ ინფო-ტურის ფარგლებში, ხევსურეთს ესტუმრა, აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ინფო-ტურის მიზანია შიდა და შემომყვანი ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდეთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში შედარებით უცნობი ადგილები და ობიექტები მოინახულონ და მარშრუტების გათვალისწინებით ქართველი თუ უცხოელი ვიზიტორთათვის ტურისტული პაკეტები მოამზადონ.
საქართველოს რამდენიმე ნაკრძალს შესაძლოა იუნესკოს ძეგლის სტატუსი მიენიჭოს
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, ტურ-ოპერატორებმა არხოტის ხეობა, სოფელი არდოტი, ჩირდილი, კისტანი, როშკა, მუცო და შატილი მოინახულეს.
ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებისათვის საცხენოსნო ტური გაიმართა, ანდაქი-არჭილოს მიმართულებით კი საფეხმავლო ტური მოეწყო.
ინფო-ტური ფშავში, მდინარე არაგვზე ჯომარდობით დასრულდა.
„ჩვენი მიზანია საქართველოს ყველა რეგიონმა მიიღოს როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო ვიზიტორები. ამ პროექტის ამოცანაა ნაკლებად ცნობილი ადგილები გავაცნოთ ტურ-ოპერატორებს, რათა ახალი ტურისტული ადგილების ფორმირება და შემდეგ საერთაშორისო და შიდა ტურისტული ბაზრისთვის შეთავაზება მოხდეს“, - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, მედეა ჯანიაშვილმა.
ტურისტული კომპანიები საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, Gitoa - საქართველოს შემომყვან ტურ ოპერატორთა ასოციაციამ , GTA - საქართველოს ტურიზმის ასოციაციამ და საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციამ შეარჩიეს.