საქართველოში მეტი ნაკრძალი გაჩნდება

დღეისათვის დაცული ტერიტორიების საერთო ფართობი 694,3 ათას ჰექტარს შეადგენს. შესაბამისად, მთავრობა მათ 44%-ით გაფართოებას გეგმავს.
Sputnik
თბილისი, 4 ივლისი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლება დაცული ტერიტორიების გაფართოებას გეგმავს - 1 მილიონ ჰექტრამდე, განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა.
„ჩვენი მიზანია, რომ მილიონ ჰექტრამდე გაიზარდოს დაცული ტერიტორიების ფართობი. ამისთვის საქართველოს სხვადასხვა რეგიონში შეიქმნება ახალი დაცული ტერიტორიები“, - განაცხადა თანდილაშვილმა.
მისი თქმით, ახალი დაცული ტერიტორიები შეიქმნება სამეგრელოში, სვანეთში, რაჭასა და გურიაში.
„ამ ყველაფრის მიზანია, საქართველო გახდეს მეტად მიმზიდველი, თავისი გამორჩეული და უნიკალური ბიომრავალფეროვნებით“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ ახალი დაცული ტერიტორიების შექმნა ადგილობრივი მოსახლეობისთვის ხელსაყრელი იქნება.
„ისინი ვიზიტორებს, ტურისტებს უწევენ გარკვეულ სერვისებს და ეს დამატებითი შემოსავლის წყარო შეიძლება გახდეს მოსახლეობისთვის“, - აღნიშნა თანდილაშვილმა.
დღეისათვის საქართველოში დაცული ტერიტორიების საერთო ფართობი 694,3 ათას ჰექტარს შეადგენს.
საქართველოში სულ 14 ნაკრძალია, 13 ეროვნული პარკი, 39 ბუნების ძეგლი და 3 დაცული ლანდშაფტია.