ქართულ ავიაბაზარზე გერმანული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია შემოვიდა

ავიაგადამზიდი რეისებს მარშრუტით დიუსელდორფი–თბილისი–დიუსელდორფი 4 ივლისიდან ყოველკვირეულად, ხოლო 21 ივლისიდან კვირაში ორჯერ შეასრულებს.
Sputnik
თბილისი, 4 ივლისი - Sputnik. საქართველოს ავიაბაზარზე გერმანული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Eurowings შემოვიდა, ნათქვამია საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ავიაგადამზიდმა, რომელიც შედის კომპანიების ჯგუფში GmbH Lufthansa Group, 4 ივლისს დაიწყო რეისების შესრულება დიუსელდორფი–თბილისი–დიუსელდორფის მარშრუტით. ფრენები თავდაპირველად შესრულდება კვირაში ერთხელ, ხოლო 21 ივლისიდან ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე (29 ოქტომბრამდე) – კვირაში ორჯერ (ოთხშაბათსა და კვირას).
საუდის არაბეთის ლოუკოსტერი Flynas საქართველოს მიმართულებით ფრენების სიხშირეს ზრდის
ავიაკომპანიამ თბილისის მიმართულებით პირველი პირდაპირი უკვე რეისი შეასრულა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოფიციალური დახვედრის ცერემონიალი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს  ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ, მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა და აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა თამარ არჩუაძემ. ასევე, ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში, Lufthansa Group-ის რეგიონალური მენეჯერი რენე კოინცაკი,  Eurowings-ის საავიაციო ბიზნესგანვითარების მენეჯერი ივან ორეკი, და „ტავ ჯორჯიას“ გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე.
საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას რეგულარული საჰაერო გადაზიდვების შესრულების ნებართვა ივნისის დასაწყისში მისცა.
რეგულარული საერთაშორისო ავიამიმოსვლა საქართველომ მიმდინარე წლის 1 თებერვალს კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ განაახლა.
ამჟამად უცხოეთის მოქალაქეებს საქართველოს საჰაერო საზღვრის გადმოლახვა შეუძლიათ კორონავირუსის საწინააღმდეგო სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტით და/ან PCR–ტესტის უარყოფითი პასუხით.