თბილისი, 3 ივლისი – Sputnik. აჭარა და ქუთაისი მასობრივი ვაქცინაციისთვის უკვე მზადაა, იუწყება ტელეარხი Imedi
აჭარაში იმუნიზაციის პროცესში კიდევ 11 სამედიცინო დაწესებულება ჩაირთვება, აცრის გაკეთება 24 დაწესებულებაში იქნება შესაძლებელი. მოქალაქეებს 52 ამცრელი ბრიგადა მოემსახურება.
ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოეწყო სპეციალური სივრცე მათთვის, ვინც წინასწარი ჯავშნის გაკეთებას ვერ ახერხებს.
ქუთაისში კი მასობრივი ვაქცინაციის პროცესში ჩხობაძის სახელობის მრავალპროფილური ცენტრი ჩაერთვება. სამედიცინო დაწესებულებაში ვაქცინაციის მსურველ მოსახლეობას 20 კაბინეტი მოემსახურება.
ჩხობაძის ცენტრში ვაქცინაციის პროცესი 4 მაისიდან მიმდინარეობს და ამ დრომდე 4 ათასამდე მოქალაქის ვაქცინაცია განხორციელდა. სამედიცინო დაწესებულებაში იმედოვნებენ, რომ მოსახლეობა ამგვარ აქტიურობას გამოიჩენს მასობრივი ვაქცინაციის პროცესშიც, რომელიც 5 ივლისიდან დაიწყება.
ჩხობაძის ცენტრში მასობრივი ვაქცინაცია განხორციელდება ვაქცინებით Sinovac და Sinopharm, სხვა ვაქცინები ეტაპობრივად დაემატება.
საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო. ამ დროისთვის ვაქცინაცია ჩაიტარა 266.161-მა ადამიანმა, აქედან სრულად (ორმაგად) ვაქცინირებულია 104.196 მოქალაქე.