მეშახტეების გაფიცვა ტყიბულში: კომპანიამ თანამშრომლებს პასუხი გასცა

კომპანიაში თანამშრომლებს შეახსენეს ბონუსების სისტემა, მაგრამ მათთვის ეს სისტემა მიუღებელი და უსამართლოა.
Sputnik
თბილისი, 3 ივლისი - Sputnik. გაფიცული მეშახტეების მოთხოვნების გამოხატვის ფორმა მიუღებელია, რაც შეეხება ხელფასების გაზრდას, არსებობს ბონუსების სისტემა, განაცხადა სამთომომპოვებელი კომპანია „საქნახშირის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, მიხაილ სოცკიმ შახტის თანამშრომლებთან შეხვედრის შემდეგ.
ტყიბულში მინდელის სახელობის შახტის თანამშრომლებმა შაბათს გაფიცვა გამოაცხადეს. ისინი ხელფასის 300 ლარით გაზრდას მოითხოვენ.
ტყიბულში მინდელის შახტის თანამშრომლები გაიფიცნენ
„საბჭოსთვის და მისი წევრებისთვის მიუღებელია არა მოთხოვნები, არამედ ამ მოთხოვნების გამოხატვის ფორმა. ჩვენთვის მისაღებია ნებისმიერი საკითხის და სადავო თემის გადაწყვეტა მოლაპარაკების მაგიდასთან“, – განაცხადა სოცკიმ.
მან ასევე აღნიშნა, რომ შახტზე ბონუსების სისტემა მოქმედებს, რომლის წყალობით მეშახტეები 300-ლარიან დანამატს იღებენ.
„თუ ყველა მაჩვენებელი სრულყოფილად იქნება შესრულებული, პრემიები შეიძლება 300 ლარზე მეტიც იყოს. არიან ადამიანები, რომლებიც უარს ამბობენ სამუშაოს შესრულებაზე, არღვევენ უსაფრთხოების წესებს, მერწმუნეთ ასეთი შემთხვევა საკმაოდ ბევრია. იყო შემთხვევა, როცა არ იმყოფებოდნენ სამუშაო ადგილზე, ეძინათ სამუშაო ადგილზე, ან საერთოდ აცდენენ და შემდეგ უფასო შვებულებას აფორმებენ. ამიტომ შეიქმნა სპეციალური სისტემა და ვინც სრულყოფილად ასრულებს შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოს, მიიღებენ ბონუსებს. ეს მათ მისცემს საშუალებას, მნიშვნელოვნად გაზარდონ თავისი შემოსავალი“, – განაცხადა სოცკიმ.
გაფიცულებისთვის კი ბონუსების სისტემა მიუღებელია. როგორც მათ ჟურნალისტებს განუცხადეს, ეს სისტემა უსამართლოა.
დღეს ტყიბულში ორი შახტია - მინდელის და ძიძიგურის. დანარჩენი 25 კარიერი 2018 წლის ივლისიდან, მესამე ტრაგედიის შემდეგ, არ მუშაობს. 2018 წლის 5 აპრილს ექვსი მეშახტე დაიღუპა, 2018 წლის 2 ივნისს - ორი, 2018 წლის 16 ივლისს კი - ოთხი. მათი გარდაცვალების მიზეზი სხვადასხვაა - მეთანის აფეთქება, კედლების ჩამოშლა.
სამთომომპოვებელ კომპანია „საქნახშირში“ 1170 ადამიანია დასაქმებული.