თბილისი, 3 ივლისი - Sputnik. ლისი-მუხათწყაროს დამაკავშირებელ გზაზე მეწყერი სავარაუდოდ უხვმა ნალექმა და მისმა ჩაჟონვამ გამოიწვია, ამის შესახებ ვიზუალურ-გეოლოგიურ შუალედურ დასკვნაშია ნათქვამი. იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.
მეწყრული პროცესები სოფელ მსხალდიდის მონაკვეთზე სამი დღის წინ გააქტიურდა. ადგილზე ბეტონის ჯებირებია მიტანილი, მობილიზებულია პოლიცია.
მეწყრის გამომწვევი მიზეზების დადგენაზე გეოლოგიური სამსახურის სპეციალისტები და ასევე ლევან სამხარაულის ბიუროს ექსპერტები მუშაობდნენ.
რაც შეეხება დეტალურ დასკვნას, ის უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. საპროექტო-საინჟინრო და სარეაბილიტაციო სამუშაოების დასაწყებად შესაბამისი თანხები გამოიყოფა. მოსახლეობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება, აცხადებს მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე.
ლისი-მუხათწყარო-მსხალდიდის მიმართულებით და ნაფეტვრების დამაკავშირებელი გზა 1 ივლისიდან გადაკეტილია. ჯერჯერობით უცნობია, როდის აღდგება მოძრაობა აღნიშნულ გზაზე.
სოფლები ლისი, მუხათწყარო, მსხალდიდი, ნაფეტვრები მცხეთის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის, თუმცა ტერიტორიულად თბილისთან ახლოს, ლისის ტბასთან მდებარეობს.
ლისის ტბასთან ახლოს, ვაშლიჯვარში მეწყერსაშიში ზონა გაზაფხულზე გაჩნდა. 15 მარტს თბილისის მერიამ გაავრცელა განცხადება, რომ ვაშლიჯვარი-ნუცუბიძის დამაკავშირებელ მუხრან მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდობზე განხორციელებული გარკვეული მოქმედებების გამო მეწყრული პროცესები გააქტიურდა. ფერდობზე 18 მეტრზე მეტი სიღრმის ნაპრალები გაჩნდა, რომელთა სიგანე ყოველდღე დაახლოებით 5 სანტიმეტრით იზრდებოდა. გეოლოგების პროგნოზით, გაჩნდა ფერდობის ჩამოშლის სერიოზული საფრთხე. მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით 16 მარტიდან აღნიშნულ ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდა. მოგვიანებით დაიწყო ფერდობის გამაგრების სამუშაოები.
მერიაში აცხადებენ, რომ ვაშლიჯვარი-ნუცუბიძის დამაკავშირებელ მუხრან მაჭავარიანის ქუჩაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა, სავარაუდოდ, 2 თვეში აღდგება.