აქცია გლდანში - მოსახლეობა მიწების დაბრუნებას მოითხოვს

აქციის მონაწილეები მერიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შეცვლას ან მიწის ნაკვეთების ადგილმონაცვლეობას ითხოვენ.
Sputnik
თბილისი, 3 ივლისი - Sputnik. გლდანში, თეთრი ტბის მიმდებარედ მიწის ნაკვეთების მესაკუთრეებმა საპროტესტო აქცია გამართეს, ინფორმაციას „პირველი არხი“ ავრცელებს.
მიწების თაღლითური დაუფლება: პროკურატურამ სამ პირს ბრალი წარუდგინა
მოსახლეობა თბილისის მერიის გადაწყვეტილებას აპროტესტებს, რომლის მიხედვითაც მათ მფლობელობაში არსებულ მიწებს რეკრეაციული ზონის სტატუსი მიენიჭა.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მათ დედაქალაქის მერიაში უკვე წარდგენილი ჰქონდათ განაშენიანების გეგმა, რაზეც მერიისგან თანხმობა მიიღეს. მიუხედავად ამისა რამდენიმე თვეში მერიამ გადაწყვეტილება შეცვალა. ისინი მიწის ნაკვეთებზე რეკრეაციული ზონის სტატუსის მოხსნას ან ნაკვეთების ადგილმონაცვლეობას ითხოვენ, ხოლო მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში სამართლებრივი დავის დაწყებას აპირებენ.
„თავისივე შეთანხმებული გეგმა მერიამ ვერც უარყო, ვერც აუქმებს და გამოდის ისე, რომ ჩვენც არ გვაძლევს ჩვენივე საკუთრებით სარგებლობის უფლებას. ალტერნატიული მიწის ნაკვეთი რომ გადმოგვცენ, მაგაზეც თანახმა იქნება ხალხი, ოღონდ შესაბამის ადგილას“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
ანა დოლიძე თბილისის მერობისთვის ბრძოლას აპირებს
აქციას შეუერთდა „მოძრაობა ხალხისთვის“ თავმჯდომარე ანა დოლიძეც, რომელმაც ადგილზე მიწის მესაკუთრეების პრობლემები მოისმინა. როგორც მან აღნიშნა, დედაქალაქში ეს პირველი შემთხვევა არაა და მსგავსი პრობლემა თბილისის სხვა უბნებშიც არსებობს, კერძოდ კი ჩუღურეთში.
„მერიის მხრიდან ადგილი აქვს არათანმიმდევრულობას და სავარაუდოდ, კერძო ინტერესებს. ჩუღურეთში, საჯარო ტერიტორიაზე მოსახლეობა ითხოვს პარკს და სარეკრეაციო ზონას, მაგრამ იქ სარეკრეაციო სტატუსს არ აძლევენ, აშენებინებენ საკუთარ თანამოაზრეებს კორპუსებს, ამ ტერიტორიაზე კი ხალხს ნაყიდი ჰქონდა მიწები, მომზადებული ჰქონდათ გეგმა და მოულოდნელად ეს სტატუსი შეუცვალეს“, – განაცხადა ანა დოლიძემ.