თბილისი, 2 ივლისი – Sputnik. ადგილობრივი წარმოების გაფართოება, სიღარიბესთან ბრძოლა, რეგიონების განვითარება, ძლიერი სოფელი, ძლიერი საქართველო – მთავრობის ძირითადი პრიორიტეტებია, დაწერა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საკუთარ Facebook-გვერდზე.
პრემიერის ინიციატივით, მთავრობის ათწლიანი გეგმის ფარგლებში ყველა სამინისტრო ქვეყნის ეკონომიკის დარგების განვითარების საკუთარ ღონისძიებათა გეგმას წარმოადგენს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დარგის განვითარების ათწლიანი გეგმა „გარემოს დაცვა და სოფლების განვითარება 2030“ პირველმა წარმოადგინა.
რა შეიცვლება 2030 წლისთვის
2030 წლისთვის სოფლის მეურნეობაში მთავრობისა და კერძო სექტორის ერთობლივი ინვესტიციები 7 მლრდ ლარი იქნება.
ფერმერებისთვის ხელმისაწვდომი იქნება სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა. შესაბამისი პროგრამა წელს დაიწყება, რისთვისაც 50 მლნ ლარი გამოიყოფა. ათწლიანი გეგმის ფარგლებში დაგეგმილია 1,7 მლრდ ლარის ინვესტიციის განხორციელება.
სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის ექსპორტი 3 მლრდ დოლარამდე გაიზრდება, ღვინის ექსპორტიდან შემოსული შემოსავლები კი 1 მლრდ დოლარს მიაღწევს.
500 ათას ჰექტრამდე გაიზრდება ერთწლოვანი და მრავალწლოვანი კულტურებით დაფარული მიწის ფართობი. უზრუნველყოფილი იქნება 3,7 მლნ ტონამდე წარმოება, მათ შორის, 600 ათასი ტონა ყურძენი.
500 ჰექტარზე შეიქმნება სასათბურე მეურნეობა, რისთვისაც თანადაფინანსების სახით 124 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება.
50 ათას ჰექტარზე მეტ ფართობზე ხეხილის ბაღები და 15 ათას ჰექტარზე მეტი ვენახი გაშენდება – თანადაფინანსების სახით პროექტის რეალიზებისთვის 340 მლნ ლარამდეა გათვალისწინებული.
400-მდე თანამედროვე ტიპის მეცხოველეობისა და მეფრინველეობის ფერმის შესაქმნელად 560 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდება.
2030 წლისთვის 227 ათასი ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი წყლით იქნება უზრუნველყოფილი, თითქმის მთლიანად აღდგება სამელიორაციო სისტემა, რაშიც 1 მლრდ ლარი დაიხარჯება.
დაინერგება საუკეთესო ევროპული ტექნოლოგიები ჰაერის, წყლის, ნიადაგის დაბინძურების შესამცირებლად.
დაცული ტერიტორიების ფართობი 1 მლნ ჰექტრამდე გაიზრდება და ქვეყნის მთელი ტერიტორიის 17%-ს მიაღწევს.