პრეზიდენტმა ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე კონკურსი გამოაცხადა

პრეზიდენტის განკარგულებით შეიქმნა საკონკურსო კომისია, რომელშიც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ქართული უმაღლესი სასწავლებლების პედაგოგები შევიდნენ.
Sputnik
თბილისი, 2 ივლისი — Sputnik. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და ცესკო წევრის ორ ვაკანტურ თანამდებობაზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განკარგულებით კონკურსი გამოცხადდა, ნათქვამია სახელმწიფოს მეთაურის ადმინისტრაციის განცხადებაში.
ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია 30 ივნისს გადადგა. მან აღნიშნა, რომ მისი გადაწყვეტილება პოლიტიკურ მხარეებს საშუალებას მისცემს ცესკოს ახალი თავმჯდომარე განახლებული საარჩევნო კოდექსის საფუძველზე აირჩიონ.
თამარ ჟვანია თანამდებობიდან გადადგა
თამარ ჟვანია საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 2013 წლიდან ხელმძღვანელობდა. ის ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე 2018 წლის 24 დეკემბერს მეორე ვადით აირჩიეს. ამ დროის განმავლობაში ჩატარდა ექვსი საყოველთაო და რამდენიმე შუალედური არჩევნები.
პრეზიდენტის განკარგულებით ასევე შეიქმნა საკონკურსო კომისია. მასში შევიდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ქართული უმაღლესი სასწავლებლების პედაგოგები.
„კომისიამ, „საქართველოს საარჩევნო კოდექსის" შესაბამისად, უნდა უზრუნველყოს ცესკოს თავმჯდომარეობისა და ცესკოს წევრობის კანდიდატების შერჩევა და საქართველოს პრეზიდენტისთვის წარდგენა", – ნათქვამია ადმინისტრაციის განცხადებაში.
საარჩევნო კოდექსის მიხედვით, კანდიდატი ამ პოსტზე უნდა იყოს 25 წელს ზემოთ, უპარტიო და უმაღლესი განათლებით, არ უნდა იყოს ნასამართლევი, წარსულში არჩევნებზე დამკვირვებელი ან გათავისუფლებული საარჩევნო ადმინისტრაციიდან.
როდის ეყოლება საქართველოს ცესკოს ახალი თავმჯდომარე
კანდიდატები პარლამენტს 15 ივლისამდე უნდა წარედგინოს. ამის შემდეგ პარლამენტმა ახალი თავმჯდომარე ხუთი დღის განმავლობაში უნდა დაამტკიცოს.
კანონის თანახმად, ხუთი წლის ვადით თავმჯდომარედ გახდომისთვის კანდიდატს მხარი უნდა დაუჭიროს დეპუტატების ორმა მესამედმა (100 ხმა და მეტი). თუ ეს არ მოხდა და კანდიდატმა მხოლოდ ხმათა უბრალო უმრავლესობა (76 და მეტი) მიიღო, მაშინ ის ამ თანამდებობაზე მხოლოდ 6 თვით დაინიშნება.
ამ წლის ოქტომბერში საქართველოში ადგილობრივი არჩევნები ჩატარდება. მმართველი პარტია „ქართული ოცნებისთვის", რომელიც ამჟამად პარლამენტში 84 დეპუტატით არის წარმოდგენილი, ეს არჩევნები ძალზე მნიშვნელოვანია. თუ ის ამომრჩევლის ხმათა 43%-ზე ნაკლებს მიიღებს პროპორციულ არჩევნებში, მაშინ ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება.