„ვოცნებობდი ვინმეს ფეხი სტკენოდა. ქეიფების მოცეკვავე ვიყავი“ – ნინო სუხიშვილის აღიარება

ნინო სუხიშვილმა აღიარა, რომ ყოველთვის სურდა ცეკვა, თუმცა თქმა ერიდებოდა, რადგან „სუხიშვილების“ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებდა.
Sputnik
ანსამბლ „სუხიშვილების“ ხელმძღვანელი ნინო სუხიშვილი ლელა წურწუმიას შოუს ესტუმრა და გაიხსენა ეპიზოდი, როდესაც პარიზში გამართულ კონცერტზე 5000 მაყურებლის წინაშე პირველად გამოვიდა როგორც ანსამბლის მოცეკვავე.
ნინო სუხიშვილი იხსენებს, რომ ცეკვა ძალიან უნდოდა, მაგრამ იმ დროს ანსამბლში ძალიან მაღალი გოგონები იყვნენ, სხვა სტანდარტი იყო, ამის გამო ვერ ბედავდა მათ გვერდზე დგომას და ოჯახში საკუთარი სურვილის გამჟღავნებას. ამიტომ ცეკვის დაუოკებელ წყურვილს ქეიფებზე ცეკვით იკმაყოფილებდა – დღესასწაულებზე, ღონისძიებებზე, სუფრებზე ყველაფერს ცეკვავდა, არ ერიდებოდა.
A post shared by Sukhishvili - სუხიშვილები (@sukhishvilebiofficial)
სუხიშვილისა და რამიშვილის ქართული ნაციონალური ბალეტი 1945 წელს დაარსდა. ეს იყო საქართველოს პირველი პროფესიონალური ანსამბლი, რომლის მაგალითსაც მოგვიანებით სხვებმაც მიბაძეს. უკვე 1948 წელს ანსამბლი გასტროლებით გაემგზავრა ევროპაში. ამას მოჰყვა მიწვევები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან.
დღეს მსოფლიოში განთქმულ ანსამბლს სუხიშვილი-რამიშვილების დინასტიის მესამე თაობა ხელმძღვანელობს. 2007 წლიდან ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელია ილიკო სუხიშვილი-უმცროსი, დირექტორი – ნინო სუხიშვილი.
ანსამბლმა ილიკო და ნინო სუხიშვილების ხელმძღვანელობით ინოვაციური რეფორმა გაატარა, რომელიც მიახლოებულია ე.წ. მოდერნისტული ბალეტის პრინციპებთან. მაგრამ, მიუხედავად ამისა, თავისი არსით ესაა ქართული ეროვნული ქორეოგრაფია – ადგილობრივ ფოლკლორზე აღმოცენებული ცეკვები.