თბილისი, 2 ივლისი - Sputnik. მისასალმებელია პოლიციის მხრიდან „თბილისი პრაიდის“ ღონისძიების მონაწილეთა უსაფრთხოების დაცვა, განაცხადა საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ.
არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისი პრაიდი" (Tbilisi Pride) 1-5 ივლისს პრაიდ-კვირეულს ატარებს, რომლის ფარგლებში დაგეგმილია თემატური ღონისძიებები და თბილისში, რუსთაველის გამზირზე „ღირსების მარშის" ჩატარება. მარშის ლოზუნგი იქნება „გამოდი სოლიდარობის ნიშნად".
ომბუდსმენი იმედს გამოთქვამს, რომ „პრაიდის კვირეულის“ ფარგლებში დაგეგმილ სხვა ღონისძიებებთან დაკავშირებითაც პოლიცია უზრუნველყოფს მოქალაქეების უსაფრთხოებას.
„ვიმედოვნებ, პოლიცია გამოიჩენს ძალიან მაღალ პასუხისმგებლობას დაშესაძლებელი გახდება დაგეგმილი ღონისძიებების უსაფრთხო გარემოში ჩატარება“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
„თბილისი პრაიდის“ კვირეული გუშინ დაიწყო. პირველი ღონისძიების გამართვის ადგილზე 1 ივლისს ვითარება რამდენჯერმე გამწვავდა. კონტრაქციის მონაწილეები ცდილობდნენ იმ დარბაზში შეჭრას, სადაც კინოჩვენება მიმდინარეობდა, მაგრამ პოლიციის კორდონის გარღვევა ვერ შეძლეს. მაშინ მათ სხვადასხვა საგნების სროლა დაიწყეს მათი მისამართით, ვინც ღონისძიებაზე დასასწრებად მიდიოდა.
სამართალდამცველებსა და პრაიდის მოწინააღმდეგეებს შორის დაპირისპირებისას პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 23 პირი დააკავა.
ლგბტ ორგანიზაციების ღონისძიებების წინააღმდეგ ღიად გამოდის საქართველოს საპატრიარქო, რომელიც აცხადებს, რომ 5 ივლისისთვის დაგეგმილი „ღირსების მარშის“ ჩატარებით „ინტერესების დაცვა კი არ ხდება, არამედ ხელი ეწყობა მცირე ნაწილისათვის გარკვეული დივიდენდების მიღებას, ხალხში კი ამ ჯგუფისადმი აგრესიის ხელოვნურად გაჩენას“.
ღონისძიებების წინააღმდეგ და მათი აკრძალვის მოთხოვნით გამოდიან ასევე კონსერვატიული რადიკალური ორგანიზაციები, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი საკუთარი ძალებით ღონისძიების ჩაშლას აპირებენ.
ამასთან, ლგბტ-თემის დაცვის კვირეულმა საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ფართო მხარდაჭერა მოიპოვა. ღონისძიებებს მხარს უჭერენ ასევე ზოგიერთი ოპოზიციური პარტიები, უფლებადამცველი ორგანიზაციები და საქართველოს პრეზიდენტი.