თბილისი, 2 ივლისი – Sputnik. თბილისის ზაქარია ფალიაშვილის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სცენაზე საოპერო მუსიკის საღამო „ოპერა–გალა“ 17 ივლისს გაიმართება, იუწყებიან ორგანიზატორები.
ღონისძიების პროგრამის მიხედვით, საღამოზე შესრულდება სცენები ჯუზეპე ვერდის ისეთი ცნობილი ოპერებიდან, როგორიცაა „ნაბუკო", „ბედის ძალა", „ტრუბადური", „დონ კარლოსი", „მაკბეტი", „რიგოლეტო", „აიდა".
გარდა ამისა, სცენაზე გაჟღერდება ფრაგმენტები ჯაკომო პუჩინის („მადამ ბატერფლაი"), გაეტანო დონიცეტის („ლუჩია დი ლამერმური"), ჟორჟ ბიზეს („კარმენი"), ლეო დელიბის ("ლაკმე") და პიეტრო მასკანის („სოფლის ღირსება") ოპერებიდან.
საღამოში მონაწილეობას მიიღებენ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტები, გუნდი და ორკესტრი ზაზა აზმაიფარაშვილის, დავით მუქერიას, კახა სოლომნიშვილისა და ლევან ჯაგაევის დირიჟორობით. დასაწყისი 19:00 საათზე.