ქვემო ქართლში მდინარეში ასობით პლასტმასის ბოთლი ჩაყარეს – დაწყებულია გამოძიება

დამრღვევთა ვინაობა უკვე დადგენილია, მათ დაეკისრებათ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, რაც ფულად ჯარიმას ითვალისწინებს.
Sputnik
თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს საფუძველზე საქმის წარმოება დაიწყო. ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ვიდეოში ჩანს მიკროავტობუსი, საიდანაც მამაკაცები უამრავ პლასტმასის ბოთლს პირდაპირ მდინარეში ყრიან. ვიდეომ აღშფოთება გამოიწვია სოციალური ქსელის მომხმარებლებში, რომლებმაც სამართალდამრღვევების მოძებნა და დასჯა მოითხოვეს.
სამართალდარღვევის საქმის წარმოება დაწყებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 58-ე მუხლით (წყლის ობიექტების დაბინძურება, დანაგვიანება, წყლის ობიექტებში ნარჩენებისა და სხვაგვარი ნაყარის ჩაყრა), ნარჩენების მართვის კოდექსის 31-ე (დიდი მოცულობის ნარჩენით (მათ შორის, სატრანსპორტო საშუალების, ელექტრო- ან ელექტროტექნიკური დანადგარის, სამშენებლო დანადგარის ან სხვა მსგავსი მოწყობილობის ნარჩენით) გარემოს დანაგვიანება) და მე-40 მუხლით (ნარჩენების შეგროვება ან/და ტრანსპორტირება დადგენილი წესით რეგისტრაციის გარეშე) გათვალისწინებულ სამართალდარღვევების ფაქტზე.
გამოძიებამ დაადგინა სამართალდარღვევის ადგილი – ბოლნისის მუნიციპალიტეტი და დადგენილია სამართალდამრღვევთა ვინაობაც.
ამ დროისათვის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენლები შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან და სიტუაციას სწავლობენ.
წყლის დაბინძურება გამოიწვევს დაჯარიმებას 200-დან 300 ლარამდე; დიდი მოცულობის ნარჩენით გარემოს დანაგვიანება გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის შემთხვევაში კი ჯარიმა 6000 ლარია; ნარჩენების შეგროვება ან/და ტრანსპორტირება დადგენილი წესით რეგისტრაციის გარეშე გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.