საქართველოს მოსახლეობას გადასახადის ქვითრები ახალი ენერგოკომპანიებისგან მიუვა

ცვლილებები ელექტროენერგიის ბაზრის რეფორმის ფარგლებში, ევროკავშირის მესამე ენერგეტიკული პაკეტის დირექტივების შესაბამისად შევიდა.
Sputnik
თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. მოქალაქეებსა და მცირე საწარმოებს საქართველოში 1 ივლისიდან ელექტროენერგიის მიმწოდებელი ახალი კომპანიები მოემსახურებიან.
აბონენტებს თბილისში „თელასის" ნაცვლად მოემსახურება „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია" („თელმიკო"), ხოლო რეგიონების მოსახლეობას Energo-pro Georgia-ს ნაცვლად – „ეპ ჯორჯია".
ვარკეთილის, გლდანისა და მუხიანის მოსახლეობას გაზის ტარიფი უძვირდებათ
ეს ცვლილებები სამომხმარებლო ტარიფზე არ აისახება.
აღნიშნული ცვლილება ელექტროენერგეტიკული ბაზრის რეფორმის ფარგლებში, ევროპის მესამე ენერგეტიკული პაკეტის დირექტივების შესაბამისად განხორციელდა.
რეფორმის მიზანი მონოპოლიის წინააღმდეგ ბრძოლაა. დღემდე „ენერგო-პრო ჯორჯია“ და „თელასი“ როგორც ელექტროენერგიის გამანაწილებელი, ასევე მიმწოდებელი იყვნენ, 1 ივლისიდან კი ამ კომპანიებს მხოლოდ საკუთარი ქსელით დენის განაწილება ევალებათ, ხოლო მიწოდების ფუნქციებს ამ ეტაპზე მათი შვილობილი კომპანიები „ეპ ჯორჯია“ და „თელმიკო“ შეასრულებენ.
რეფორმის შედეგად მონოპოლიური მიმწოდებლების გარდა ბაზარზე ე.წ. ელექტროენერგიის თავისუფალი მიმწოდებლებიც უნდა გაჩდნენ, რომლებიც მოქალაქეებს თავიანთ პირობებს ღიად შესთავაზებენ. მომხმარებელს კი უფლება ექნება აირჩიოს დენის ის მიმწოდებელი, რომლის პირობებიც დააკმაყოფილებს.
„ენერგო-პრო ჯორჯია“ და „თელასი“ კი, როგორც გამანაწილებელი კომპანიები, ვალდებული იქნებიან, მომავალში ზუსტად იმავე პირობებით მოემსახურონ თავისუფალ მიმწოდებლებს, როგორც მოემსახურებიან თავიანთ შვილობილ კომპანიებს.
თავისუფალი მიმწოდებლები ბაზარზე 2022 წლის იანვრიდან უნდა გამოჩნდნენ.
„თელასი" ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა საქართველოში, რომელიც ახორციელებს ელექტროენერგიის დისტრიბუციასა და განაწილებას თბილისში. კომპანია ელექტროენერგიას აწვდის 600 ათასზე მეტ მომხმარებელს. 2003 წლის აგვისტოში „თელასი" „ინტერ რაოს" შემადგენლობაში შევიდა. „ინტერ რაოს" მფლობელობაშია „თელასის" აქციათა 75%, ხოლო დაახლოებით 25% შპს „ბესტ ენერჯი გრუპის" საკუთრებაა.
Energo-Pro Georgia ძირითადად დაკავებულია ელექტროენერგიით საქართველოს რეგიონების მომარაგებით. ის არის საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის მსხვილი ოპერატორი, რომლის სპეციალიზაციაცაა ელექტროენერგიის წარმოება და განაწილება. კომპანია ფლობს ათი საშუალო ზომის ჰიდროელექტროსადგურს, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე 414 მეგავატზე მეტია. Energo-Pro Georgia-ს მომსახურებით სარგებლობს 860 ათასი მომხმარებელი. 5200 თანამშრომელით კომპანია ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დამსაქმებელია საქართველოში.