თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი აბიტურიენტებს გამოცდების წარმატებით ჩაბარებას და სასურველ უნივერსიტეტში მოხვედრას უსურვებს.
დღეს საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია 38.400-ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა.
როგორც მინისტრის მიმართვაშია აღნიშნული, განათლებული მომავალი თაობა ჩვენი ქვეყნის სიძლიერეა.
„მერწმუნეთ, განათლება საკუთარ მომავალში ჩადებული საუკეთესო ინვესტიციაა, განათლებული მომავალი თაობა ჩვენი სიძლიერეა და მჯერა, თქვენი ცოდნით მნიშვნელოვან წვლილს შეიტანთ ქვეყნის განვითარებაში", – ნათქვამია ჩხენკელის მიმართვაში, რომელსაც განათლების სამინისტრო ავრცელებს.
მინისტრი აბიტურიენტებს წარმატებებს უსურვებს და იმედს გამოთქვამს, რომ ისინი მომავალ სასწავლო წელს აუდიტორიებში შეხვდებიან.
„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა უსაფრთხო გარემოში შეძლოთ სწავლის გაგრძელება. კიდევ ერთხელ გისურვებთ წარმატებებს", – ნათქვამია მიხეილ ჩხენკელის მიმართვაში.
2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო. 14 ივლისიდან გამოცდებში მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველი პირები ჩაერთვებიან. 28 ივლისს სტუდენტთა საგრანტო კონკურსი ჩატარდება, ხოლო საერთო სამაგისტრო გამოცდას მაგისტრანტობის კანდიდატები 27-30 ივლისს ჩააბარებენ. წელს პირველად ტარდება გამოცდა სპეციალური მასწავლებლებისა და უფროსი სპეციალური მასწავლებლებისთვის.
საქართველოს მასშტაბით გაიხსნა 25 საგამოცდო ცენტრი, მათგან 11 თბილისში იქნება, 3-3 ბათუმსა და ქუთაისში, თითო ცენტრი გაიხსნება ზუგდიდში, რუსთავში, გორში, ახალციხეში, თელავში, ოზურგეთში, ფოთსა და ხულოში.
გამოცდები 2021 წელსაც კოვიდ-პანდემიასთან დაკავშირებული ყველა რეგულაციის დაცვით ჩატარდება. თუმცა, 2020 წლისგან განსხვავებით, წელს გამოცდების გადატანის შესაძლებლობა მიეცემათ იმ აბიტურიენტებს, რომლებსაც გამოცდის წინ კორონავირუსი დაუდასტურდებათ.
იმისთვის, რომ სტუდენტი გახდეს, აბიტურიენტმა უნდა ჩააბაროს სამი სავალდებულო გამოცდა – ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა და ერთი არჩევითი საგანი – ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება ან სამოქალაქო განათლება. "ზოგადი უნარების" საგანს, რომელიც 2020 წლიდან სავალდებულო საგნების სიიდან ამოიღეს, აბიტურიენტები იმ შემთხვევაში ჩააბარებენ, თუ აღნიშნულ საგანს კონკრეტული უნივერსიტეტი მოითხოვს.