ლევან დავითაშვილმა სოფლის განვითარების გრძელვადიან ამოცანებზე ისაუბრა

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, მთავრობის ათწლიანი გეგმის ფარგლებში, სამინისტროები საკუთარი მიმართულების ხედვებს წარადგენენ.
Sputnik
თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. საქართველოს მთავრობისთვის სოფლის მეურნეობის განვითარება და გარემოს დაცვაზე ზრუნვა უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა, ამ გამოწვევის გასამკლავებლად მნიშვნელოვანია თანმიმდევრული სახელმწიფო პოლიტიკა, განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა დღეს პროგრამის „გარემოს დაცვა და სოფლის განვითარება 2030" პრეზენტაციაზე.
დავითაშვილმა გარემოს დაცვისა და სოფლის განვითარების გრძელვადიანი ხედვის მიმართულებებზე დეტალურად ისაუბრა.
„გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის უზრუნველყოფა ჩვენი მნიშვნელოვანი ამოცანაა. კონკურენტუნარიანი სოფლის მეურნეობის მდგრადი მართვისთვის გვჭირდება შესაბამისი ინსტიტუციური განვითარება", – განაცხადა მინისტრმა.
მისი თქმით, მთავრობა მიზანად ისახავს სასურსათო უსაფრთხოების მიზნით ქვეყნის თვითუზრუნველყოფის ამაღლებას.
ირაკლი ღარიბაშვილი: უცხოეთიდან ძალიან ბევრი პროდუქტი შემოგვაქვს
„როდესაც ვსაუბრობთ ამ მიზანზე, საქართველოს აგროსასურსათო სექტორის საექსპორტო პოტენციალის მაქსიმალურ გამოყენებაზე, ვგულისხმობთ ასევე ინკლუზიურობას იმისათვის, რომ ეს ზრდა, ეს ეკონომიკური პროგრესი, რომელიც რიცხვებში გვაქვს გამოსახული, შეეხოს თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, განსაკუთრებით, სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას და მათ კეთილდღეობას; ეს ეკონომიკური სიკეთე გადანაწილდეს ჩვენს თანამოქალაქეებზე", – განაცხადა დავითაშვილმა.
ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრები, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები, სახელმწიფო რწმუნებულები, დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო, დონორი ორგანიზაციების, დარგობრივი ასოციაციების და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები და ფერმერები ესწრებოდნენ.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, მთავრობის ათწლიანი გეგმის ფარგლებში, სამინისტროები საკუთარი მიმართულების ხედვებს წარადგენენ, რომელიც ეკონომიკური სტაბილურობისა და ქვეყნის სიძლიერისთვის მომდევნო წლების სახელმძღვანელო იქნება.