თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. ნატო შეინარჩუნებს წარმომადგენლობას შავ ზღვაზე, მიუხედავად რუსეთის პოზიციისა, განაცხადა ალიანსის გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაიმ.
მისი თქმით, დიდმა ბრიტანეთმა ნატოს მიაწოდა ინფორმაცია შავ ზღვაში ნაღმმზიდთან დაკავშირებული ინციდენტის შესახებ, და ალიანსს მომხდარზე „სრული სურათი“ აქვს.
„როდესაც საუბარი თავისუფალ ნაოსნობას ეხება, ნატო მტკიცე პოზიციას იკავებს... ამ ინციდენტის დროს ნატოელმა მოკავშირეებმა სიმტკიცე გამოავლინეს იმ პრინციპების დაცვაში, რომლებიც ჩამოვთვალე. რუსეთმა უნდა გაიგოს, რომ ნატოელი მოკავშირეები ამ საკითხში უკან არ დაიხევენ“, — განაცხადა აპატურაიმ „პირველ არხთან“ საუბრისას.
ალიანსის წარმომადგენლის თქმით, ნატო შეინარჩუნებს წარმომადგენლობას შავ ზღვაზე მოკავშირეებისა და პარტნიორების მხარდასაჭერად.
„ჩვენ უფრო მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საქართველოსა და უკრაინასთან პოლიტიკური კონსულტაციებისა და ინფორმაციის გაცვლის კუთხით“, — თქვა აპატურაიმ.
23 ივნისს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბრიტანეთის სამეფო ფლოტის ესკადრონული ნაღმმზიდი HMS Defender მოსკოვის დროით დილის 11:52 საათზე სამი კილომეტრით ღრმად შევიდა რუსეთის ტერიტორიულ წყლებში. ამის შემდეგ რუსულმა მხარემ ხომალდის ეკიპაჟი გააფრთხილა, რომ იარაღს გამოიყენებდნენ იმ შემთხვევაში, თუ ხომალდი იმავე კურსით განაგრძობდა სვლას. ამ გაფრთხილებაზე ბრიტანულ ეკიპაჟს რეაგირება არ მოუხდენია, რის შემდეგაც რუსულმა სასაზღვრო-სანაპირო ხომალდმა გამაფრთხილებელი ცეცხლი გახსნა, ხოლო კიდევ ცხრა წუთის შემდეგ გამანადგურებელმა Су-24м ასევე გამაფრთხილებელი ბომბები ჩამოყარა ესკადრონული ნაღმმზიდის გზაზე.
ვლადიმირ პუტინმა მომხდარი პროვოკაციად შეაფასა, რომელშიც ბრიტანელებთან ერთად ამერიკელებიც მონაწილეობდნენ, და თქვა, რომ ჟენევაში რუსეთისა და აშშ-ის ლიდერების შეხვედრის შემდეგ ასეთი პროვოკაცია დასავლეთს ყირიმელებისთვის იმის საჩვენებლად ესაჭიროებოდა, რომ მათ აზრს პატივს არ სცემს.