თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, რომ ქვეყანა მეტად თვითუზრუნველყოფილი გახდეს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამის „გარემოს დაცვა და სოფლის განვითარება 2030" პრეზენტაციაზე.
„ჩვენ ძალიან ბევრი იმპორტირებული პროდუქტი შემოგვაქვს. ჩვენ არ ვართ, რა თქმა უნდა, იმპორტის წინააღმდეგი, მაგრამ, რა თქმა უნდა, შეგვიძლია მეტის წარმოება ქვეყანაში და სწორედ ამ მიზნით ჩვენ წარმოგიდგენთ იმ პროგრამებს, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი მოქალაქეების მეტ ჩართულობას", – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერის თქმით, ბოლო 8 წლის განმავლობაში მთავრობის მხრიდან სოფლის მეურნეობაში ჩადებული ინვესტიციის მოცულობა შეადგენს დაახლოებით 2 მილიარდ ლარს. ამის გარდა კერძო სექტორის მხრიდან ამ სექტორში დაახლოებით მილიარდი ლარის ინვესტირება განხორციელდა.
„ჩვენი ამბიციური გეგმის მიხედვით, მომდევნო წლების განმავლობაში მთავრობის და კერძო სექტორის ერთობლივი ინვესტიციის საერთო მოცულობა შეადგენს 7 მილიარდ ლარს", – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მთავარი ამოცანა უნდა იყოს რაც შეიძლება მეტი მოქალაქის დასაქმება და მეტი ჩართულობა სოფლის მეურნეობაში.
„რა თქმა უნდა, ჩვენ ვგულისხმობთ რეგიონების განვითარებას, გაძლიერებას", – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, მთავრობის ათწლიანი გეგმის ფარგლებში, სამინისტროები საკუთარი მიმართულების ხედვებს წარადგენენ. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო პირველი სამინისტროა, რომელმაც დარგის განვითარების ათწლიანი ხედვა წარმოადგინა.