ქართველმა წყალბურთელებმა ბერძნებთან წააგეს

საქართველო განაგრძობს ბრძოლას მეხუთე ადგილისთვის, პირველი მეტოქე საქართველოს ნაკრებისთვის ყაზახი წყალბურთელები იქნებიან.
Sputnik

თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. საქართველოს წყალბურთის ნაკრებმა თბილისში მიმდინარე მამაკაცთა მსოფლიო ლიგის მეოთხედფინალში საბერძნეთთან 8:20 (1:5, 2:5, 1:6, 4:4) წააგო.

გამარჯვებულ გუნდში ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გუნდის კაპიტანი იოანის ფუნტულისი აღმოჩნდა. მან ექვსი გოლი გაიტანა.

საქართველოს წყალბურთის ნაკრები თბილისში აშშ-ის გუნდთან დამარცხდა

ქართულ გუნდში ორ-ორი ბურთი გაიტანეს ნიკა შუშიაშვილმა, მარკო ელაჩამ და ბორის ვაპენსკიმ.

საქართველოს ნაკრებზე გამარჯვებით საბერძნეთი ტურნირის ნახევარფინალში გავიდა, სადაც მონტენეგროს დაუპირისპირდება.

მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს იტალიისა და აშშ-ის ნაკრებები შეხვდებიან.

საქართველო მეხუთე ადგილისთვის ბრძოლას განაგრძობს. დეიან სტანოევიჩის გუნდის პირველი მეტოქე ყაზახეთის ნაკრები იქნება. მატჩი 30 ივნისს გაიმართება.