ქართველი, რომლის ნახატებიც სევილიის ალკაზარის ისტორიული მემკვიდრეობის არქივშია

რუბრიკა „ქართველები უცხოეთში“ ამჯერად ესპანეთში მცხოვრებ წარმატებულ მხატვარს ნინა ვაჩნაძეს გაგაცნობთ.
Sputnik

მისი გამორჩეული ხელწერის ნახატები ესპანელებმა კარგა ხანია აღიარეს. ისინი ხშირად იფინება ცნობილ ესპანურ გალერეებში. სულ ახლახან ნინა ვაჩნაძის რეპროდუქციები სევილიის ალკაზარის ისტორიული მემკვიდრეობის არქივში შეიტანეს. ფერწერის გარდა, ნინას სიმღერის ნიჭიც აქვს – არაჩვეულებრივად მღერის.

შემოქმედებითი ცხოვრების მიღმა ის პრაგმატული საქმითაცაა დაკავებული — ესპანურ სასამართლოში თარჯიმნად მუშაობს. დანარჩენს თავად გვიამბობს.

ქართველი, რომლის ნახატებიც სევილიის ალკაზარის ისტორიული მემკვიდრეობის არქივშია

— ქალბატონო ნინა, ესპანეთში ჩასვლაზე ოცნებობდით თუ რაიმე შემთხვევა გახდა იქ ჩასვლის წინაპირობა?

— სხვათა შორის, ბავშვობიდან სულ მეუბნებოდნენ, ესპანელს ჰგავხარო და ამაზე სულ მეცინებოდა. უფრო გვიან გაუდის არქიტექტურა შემიყვარდა. სამხატვრო აკადემიაში არქიტექტურის ფაკულტეტის პირველ კურსზე ვსწავლობდი, როცა ჩემმა უსაყვარლესმა ლექტორმა, ქალბატონმა ქეთა კობახიძემ ანტონიო გაუდის ერთ-ერთი კედლის ნახაზი გამაკეთებინა. და იმდენად შემიყვარდა, რომ სურვილი გამიჩნდა, მისი არქიტექტურა რეალობაში, ესპანეთში მენახა. მოკლედ, როგორც იტყვიან, ბარსელონასთან, ესპანეთთან მიმართებაში გაუდი გახდა ჩემი შთაგონების წყარო.

— როგორი იყო ბავშვობა, საიდანაც მოდიხართ?

ქართველი, რომლის ნახატებიც სევილიის ალკაზარის ისტორიული მემკვიდრეობის არქივშია

— დავიბადე და გავიზარდე არქიტექტორთა ოჯახში. ჩემი მშობლები მრავალმხრივი მხატვრული ნიჭით გამოირჩეოდნენ. მამა, მერაბ ვაჩნაძე, შესანიშნავად მღეროდა და უკრავდა გიტარაზე, დედა კი ხატავდა, ქარგავდა და კერავდა. ასე რომ, შინ და გარეთ შემოქმედებით ატმოსფეროში ვიზრდებოდი.

— თქვენი ნახატები ესპანეთის საუკეთესო საგამოფენო სივრცეებშია გამოფენილი, ეს იმის ნიშანია, რომ იქ სახელოვნებო წრეებში პოპულარული ხართ?

— მე თავად არ მიმაჩნია, რომ პოპულარული ვარ. ჩემ შემთხვევაში პოპულარულობა, თუ შეიძლება ასე ვთქვათ, თანდათანობითი პროცესია. ამიტომ პოპულარობის ასათვლელად კონკრეტულად არც დრო და არც ადგილი არ შემიძლია დავასახელო.

— ახლახან სასიხარულო ფაქტი მოხდა...

ქართველი, რომლის ნახატებიც სევილიის ალკაზარის ისტორიული მემკვიდრეობის არქივშია

— ჩემი რეპროდუქციები სევილიის ალკაზარის ისტორიული მემკვიდრეობის არქივში შეიტანეს. სევილიის ალკაზარი ერთ-ერთი იმ ნაგებობათაგანია, რომელიც ესპანეთის ყველაზე ცნობილ ღირსშესანიშნაობების სიაში შედის და 1987 წლიდან იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ნუსხაშიცაა შეტანილი.

— რომელი ცნობილი ესპანელების პირად კოლექციაშია თქვენი ნამუშევრები?

— ჩემი ნახატები ფლამენკოს მუსიკოსების რაფაელ დე უტრერასა და რაფაელ კორტესის პირად კოლექციებში ინახება. ეს ფაქტი ძალიან მახარებს და ალბათ ბევრის მთქმელიცაა.

— თქვენს ნახატებში უმეტესად რეტრო გარემო, ნათელი სევდა და სიმშვიდეა — ეს ის არის, რაც ცხოვრებაში გაკლდათ?

ქართველი, რომლის ნახატებიც სევილიის ალკაზარის ისტორიული მემკვიდრეობის არქივშია

— ნამუშევრებთან დაკავშირებით სწორად მიმიხვდით, მაგრამ ეს თვისებები ჩემში შინაგანად ყოველთვის იყო. შემდეგ კი შემოქმედებაში აისახა. ეს ბუნებრივია, რადგან ხელოვანის სულიერი განწყობის მატერიალიზება მისივე ნამუშევრებში ხდება ხოლმე.

— რა შეცვალა თქვენში ესპანურმა გარემომ?

— ცნობილია, რომ ზოგადად ადამიანის, მით უმეტეს, შემოქმედის განწყობაზე სოციო-კულტურული და გეოგრაფიული გარემოც მოქმედებს — ცვლის მის ფსიქიკას და გარკვეული კორექტივები შეაქვს მის შემოქმედებით აზროვნებაში. მთავარია, არ დაკარგო კავშირი შენს ეროვნულ ტრადიციებთან, რაც პიროვნული თვითრეალიზაციის აუცილებელი პირობაა.

— შეუძლებელი იყო, რომ ბატონ მერაბ ვაჩნაძის ქალიშვილი ერთ მშვენიერ დღეს არ ამღერებულიყო...

— დიახ, მისი თაობის ხალხს ძალიან კარგად ახსოვს მამას ნამღერი. ჩვენთან ყოველთვის იკრიბებოდნენ გამორჩეული თბილისელები, რომლებსაც ხელოვნებასთან ჰქონდათ შეხება. ოჯახში იმართებოდა საღამოები, რომელთა სითბო დღემდე მახსოვს. იქ ქართული სიმღერა ყოველთვის ჟღერდა და ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ მეც ავმღერდი.

— ინტერნეტ-სივრცის გარდა, სცენაზე სიმღერაზეც თუ გიფიქრიათ?

ქართველი, რომლის ნახატებიც სევილიის ალკაზარის ისტორიული მემკვიდრეობის არქივშია

— სცენაზე სიმღერა არ მიფიქრია, მაგრამ ჩემი შემოქმედებითი საღამოს ფარგლებში კი მაქვს სურვილი, გრაფიკულ, ფერწერულ და გამოყენებითი დიზაინის ნაკეთობებთან ერთად ჩემი სიმღერითაც წარვდგე მაყურებლის წინაშე.

— ესპანეთში ოჯახთან ერთად ცხოვრობთ?

— დიახ, მყავს მეუღლე ბექა გრიგოლია და შვილი — რვა წლის სანდრო, რომელიც გიჟდება ესპანურ მუსიკაზე და არაჩვეულებრივად უკრავს გიტარაზე ფლამენკოს.

— როგორია შორიდან აღქმული სამშობლო?

ქართველი, რომლის ნახატებიც სევილიის ალკაზარის ისტორიული მემკვიდრეობის არქივშია

— შორიდან ლამაზი და მომხიბვლელი ჩანს ყველაფერი. მონატრებული სამშობლო ხომ განსაკუთრებით მიმზიდველი ხდება, თუმცა ნაკლოვანებებიც უფრო თვალსაჩინოა ხოლმე. საერთოდ, ეს ძალიან რთული სასაუბრო თემაა. ფაქტია, რომ მე ყველაფერი მემშობლიურება, რაც მასთანაა დაკავშირებული.

— თქვენი ხასიათის რომელ ქართულ თვისებას ვერ შეელევით ვერასოდეს?

— იმდენად ბევრი და სპეციფიური თვისება გვახასიათებს ქართველებს, რომ კონკრეტულად ერთი რომელიმეს გამოყოფა გამიჭირდება. მოკლედ, რაც „კარგები ვართ, ქართველები ვართ“...